მთავარი » 2016 » აგვისტო » 24 » პოპულარობა ადამიანის მუდმივი მდგომარეობაა? (არგუმენტირებული ესე)
4:12 PM
პოპულარობა ადამიანის მუდმივი მდგომარეობაა? (არგუმენტირებული ესე)

პოპულარობა ადამიანის მუდმივი მდგომარეობაა?

  პოპულარობა არის ადამიანის ის მდგომარეობა, რომელიც, იმის მიხედვით, თუ რა გზითაა იგი მოპოვებული, შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანის ცნობადობასა და ავტორიტეტს. პოპულარობის მომტანი სფერო შეიძლება გახდეს: სიმღერა, ცეკვა, სპორტი, პოლიტიკა...

  მოვიყვანოთ პოლიტიკის მაგალითი. ვფიქრობ, რომ ამ გზით მოპოვებული პოპულარობა ხშირად ნამდვილად ვერ იქნება მუდმივი მდგომარეობა. თუმცა გამონაკლისები არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი ასოცირდება რაიმე მნიშვნელოვანთან. მაგალითად: აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებს შორის დღემდე ყველაზე პოპულარულია პირველი პრეზიდენტი _ ჯორჯ ვაშინგტონი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აბრაჰამ ლინკოლნი. ის პირველი გახდა ქვეყნის მოწინავეთა შორის და გადადგა სერიოზული ნაბიჯები დემოკრატიული პრინციპებისაკენ, კერძოდ, ლინკოლნი გახლდათ მონობისა და რასობრივი დისკრიმინაციის მოწინააღმდეგე. სწორედ მან გამოაცხადა ოფიციალურად მონობის გაუქმება აშშ-ში.

  რაც შეეხება სიმღერას, ესაა სფერო, რომელსაც მუდამ აქტიური შემსრულებელი სჭირდება. აქ პოპულარობის დაკარგვა მარტივადაა შესაძლებელი, თუნდაც ერთი ცუდად შესრულებული სიმღერის გამო. მაგრამ არიან არტისტებიც, რომლებიც გარდაცვალების მიუხედავად მაინც ცოცხლობენ საზოგადოებაში. მაგალითად: მაიკლ ჯექსონი, თუფაქ შაკური, უიტნი ჰისტონი...

  სპორტზე საუბრისას კი, რაღა თქმა უნდა, არ გამოგვრჩება მიხეილ მესხი _ საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ახალ თაობას არ გვქონია მისი თამაშის ცოცხლად ყურების ბედნიერება, უფროსების წყალობით მაინც გვსმენია მიხეილ მესხის შესახებ. აქვე დავასახელოთ ბრაზილიელი პელე და არგენტინელი მარადონა, რომელთა შესახებაც დღემდე საუბრობენ.

  ანუ, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა მარადიული მდგომარეობა ხშირად არაა, მაინც არსებობს ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც თავდაუზოგავი შრომისა და თვითდამკვიდრების წყალობით შეძლეს ბუნებრივი ბარიერის გადალახვა და სახელთა უკვდავყოფა.

ნანახია: 4845 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 3.4/11
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
ხუთშაბათი, 04.25.2024