მთავარი » 2015 » თებერვალი » 18 » ალექსანდრე ყაზბეგი ,,ხევისბერი გოჩა" (მოთხრობა XXI-XXVIII თავები)
10:22 PM
ალექსანდრე ყაზბეგი ,,ხევისბერი გოჩა" (მოთხრობა XXI-XXVIII თავები)

XXI

ონისე გასვლის უმალ გაემართა ნაროვანისკენ, სადაც მთის ბილიკებზედ უნდა გასულიყო და თავისი გუნდის უფროსის ბრძანებით მტერზედ თვალი დაეჭირა და მათი მოახლოვება დროზედ შვეტყობინებინა.

ის მიდიოდა ჩვეულებრივის სიფრთხილით, როდესაც მის წინ რაოდენიმე მანძილზე ქვა ვიღამაც შეანძრია. ონისე ვეფხვივით გადახტა გზას იქით, ამოესაფრა ქვასა და ღამის მშვიდობიანობის დამრღვევს მოელოდა.

კარგა ხანმა გაიარა, სანამ ხვეულს ბილიკზედ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ ფეხის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, აშკარად ესმოდა. წუთიც და გზაზედ ქალი და კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთი დატვირთული ვირი მოჰყვანდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ ესენი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც მთიდგან ჯარისთვის ყველი მოჰქონდათ.

ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევენი უნდა ყოფილიყვნენ და ის იყო თავის საფარიდგან გასვლას აპირობდა, როდესაც აშკარად გაიგონა თავისი სახელი და სული განაბა.

მომავლები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და თითქოს მათ შორის უკმაყოფილება ეტყობოდა.

ორნივ გაუსწორდნენ ონისეს და დასასვენებლად ქვაზედ ჩამოსხდნენ.

- ქალაუ, – დაიწყო კაცმა, – ღვთის მადლმა, რომ მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან… ჩამოვდნი, დავილიე შენის ლოდინითა და შენი გული ვერ გალხვა.

- რაი ვქნა, თუ კი არ მიყვარხარ.

- ვითმენდი და აბა… აქამომდის ზღვას დააშრობდა, რაც გულში ცეცხლი მენთების… მომკვდარვიყავ მაინც, გზა მოგეცემოდის.

- რაისთვი თავს არ მანებებ!.. რაი გინდა ჩემგან? ძალად ხომ ვერ შეგიყვარებ?

- თავი საით დაგანებო? ცოლი ხარ, ქვეყანაში მეც ქუდი მხურავს.

- მაშ რაი გიყო?

- რაი მიყო და ცოლობა უნდა გამიწიო.

- კარგი-ღა, ღვთის მადლსა, ბიჭაუ!.. გითხარ არ მიყვარხარ-მეთქი და გათავდა!

კაცი გაჩუმდა რაოდენსამე ხანს და თავჩაკიდებული იყო. შემდეგ წყნარად წამოიხედა, მისი თვალები ელვარებდნენ.

- იყუჩე, ქალაუ!.. შენი თავი მაინც შეიბრალე, თუ მე აღარ გებრალები.

ქალმა შეჰხედა და მხრების აწევით უპასუხა:

- შესაბრალებელი რაი მაქვს! მომკლავ და გული დამშვიდდების…

- მაშ აღარ იქნების?.. არც როდის არ დამიბრუნდები, არ შემიყვარებ?

- არა.

კაცმა ხანჯლის ტარს გაივლო ხელი, მაგრამ ისევ თავი შეიკავა.

- მაშ იმისი უნდა იქმნა?.. გგონია, რომ დაგანებებ?.. დაგითმობ იმას?.. ღვთის მადლმა, შენც მოგკლავ, იმასაცა, ჩემს თავსაც ზედ დაგაკლავთ და შენით კი არვის ვახარებ.

- აი, მომკალ!.. ცხვებს რაისთვი ექადი, რას ემართლები! – ქალმა მიუშვირა მკერდი და სიბრაზისაგან აღგზნებულის თვალებით დაუწყო ყურება.

კაცი აიმღვრა და წამოვარდა.

- მაშ სიკვდილი გინდა?.. კარგი, მოგკლავ, მაგრამ მოგკლავ მაშინ, როდესაც ონისეს თავს მოგიტან…

ამ სიტყვებით კაცი გადახტა გზას იქით და უგზო-უკვლოდ ონისეს ბინისკენ თავქვე დაეშვა. ქალმა დაიკივლა, მივარდა იმ ადგილს, სადაც კაცი ბეგობას გადაეფარა და მწარედ შესძახა:

- გუგუაუ, გუგუაუ!.. ნუ დამღუპავ, რას ჩადი!.. ვაიმე დაღუპულმა! – წამოიძახა იმან და გაქანდა ფრიალო კლდისკენ.

ის-იყო მიუახლოვდა კლდის ნაპირს და გადავარდნას აპირობდა, როდესაც ვიღამაც ხელი გაავლო და გულში ჩაიკრა.

ქალმა მოიხედა და ღონემიხდილმა ძლივს-ღა წარმოსთქვა:

- ონისე! – და კაცის ხელებზედ მიელუშა…

XXII

კარგა ღამემ გაიარა. მოწმენდილს ცაზედ მთვარეს კაშკაში გაჰქონდა და ნაზის სხივით იქაურობას ეკამკამებოდა.

ონისე და ძიძია იმავ ადგილს ისხდნენ, სადაც ტრფიალების ცეცხლმა დასცა და დაიმონა; ორნივ ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყვნენ და დაბანგულებსავით სიტკბოების ნეტარებას ეძლეოდნენ. მთვარის შუქი ნაზად შესთამაშებდა ძიძიას დათენთილს სახეს, რომელსაც ონისე არ უსვენებდა და მთვარეზედ მობრუნებულს ხან გაშმაგებით ჩასცქეროდა, ხანაც გიჟსავით ჰკოცნიდა და ეხვეოდა. ყოველი მათი ერთმანეთთან მიახლოვება, მიკარება ათრთოლებდა, როგორც მოუსვენარი ნიავი წნორის ფურცელს, და კვნესაშერეულის სიტკბოებით აღსავსე გულს აფართხალებდა. ორთავ დავიწყებოდათ სად იყვნენ, დავიწყებოდათ თავიანთი თავი და მხოლოდ ერთს-ღა ცდილობდნენ, რომ ერთი მეორეში გადაქცეულიყო.

ესენი ამ თავდავიწყებაში იყვნენ, როდესაც ერთბაშად გავარდა თოფი და შეყვარებულები ფეხზედ წამოცვივდნენ.

ბედნიერებით გატაცებულს და თავდავიწყებულს ონისეს, მხოლოდ ეხლა მოაგონდა თავისი ვალი და სამწუხარო ჭეშმარიტებამ გულზედ მწარე ჭახრაკი მოუჭირა. მის თვალწინ წუთზედ გაირბინა მლოცავი გოჩას სურათმა, მოაგონდა იმის სიტყვები და თავმოყვარეობამ ცრემლები გადმოადინა. მას თვალწინ გადეშალა შემაძრწუნებელი სურათი მისის ამხანაგების ამოჟლეტისა, რომელნიც ონისეზედ დაიმედებულნი მიწოლილიყვნენ და უზრუნველად დაეძინათ.

ქვეით გაიმართა მკვირცხლი თოფის სროლა. თოფები ელავდნენ, ცეცხლები ენებსავით გრძელდებოდნენ და გრიალით განაქრობდნენ ლომებრივ მამაცთა სიცოცხლეს.

ონისემ შეჰხედა ძიძიას, გული აუდუღდა და გუნებაში გაურბინა სიტყვებმა: მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა!.. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცობავ!

ამ სიტყვებით ის გაჰქანდა თავქვე, რომ თავის ამხანაგებთან ერთად თავი დაედო და გამოესყიდა წუთით თავის დავიწყება, მაგრამ გვიან-ღა იყო: მტერს მათი სანგალი, სიმაგრედ გაკეთებული, აეღო და მათი დროშა ონისეს დახოცილი ამხანაგების ხროვაზედ ფრიალებდა.

XXIII

ონისე თავგადაგლეჯილი მირბოდა თავქვე და გონებადაფანტულმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა.

მტრის ლაშქარს აეღო მოხევეთ პირველი სანგალი და მისი დამცველნი თითქმის მთლად გაეწყვიტა. საცოდავი ჰგრძნობდა, რა ძვირად დაუჯდა წუთის თავდავიწყება, რომლის გამოც იმდენი მამაცი ბედის უცდელად, ბიჭობის გამოუჩენლად შეიმუსრა, და სინიდისის ყვედრებამ მწარედ დაუწყო ტანჯვა. გონება სინანულის მეტს ვეღარაფერზედ ვეღარას ფიქრობდა და დაძმარებულს გულს კი უწყალოდ რაღაცა ჰკუწავდა და ანადგურებდა.

ის გარბოდა და პირისახე გიჟს დამსგავსებოდა; ქუდი მოხდოდა, თმა ასწეწიყო და ტანისამოსი არეოდა. ამღვრეულს თვალებს თუმცა უნუგეშოდ, მაგრამ როგორღაც უცნაურად აქეთ-იქით ატრიალებდა. კაცი ვეღარ იტყოდა, იმ წუთში რას გამოსთქვამდა მისი სახე, რადგანაც მისი აზრის ტრიალი ელვასავით მკვირცხლი იყო და წუთზედ ათას რიგად იცვლებოდა. ის მირბოდა გამარჯვებულის მტრის რაზმისკენ, რადგანაც გონება პირველი აზრის გაელვებას შეეპყრო და მხოლოდ იმას მოჰყავდა მოძრაობაში საკუთარს წადილს მოშორებული მოხევე. ეს იყო სიკვდილის წადილი და სიკვდილი უეჭველად იმ ხელით, რომელმაც მისი ამხანაგების სიცოცხლე გააქრო, იმ მახვილით, რომელიც მისი მეზობლების უბრალო სისხლით შეღებილიყო.

ის იყო ონისე იმ ჭალაში ჩავიდა, სადაც გამარჯვებული ოსები მხიარულის ვარაიდათი ფეხქვეშ ჰქელავდნენ მამულის დამცველთ პატიოსანს გვამებს და აპირობდნენ თავიანთ ბანაკისკენ გაბრუნებას, როდესაც წინ შეეფეთა რამდენიმე მოხევე, აღებულის სანგალის გუნდიდგან გადარჩენილნი.

- ვინა ხარ? – ერთბაშად ონისეს წინ გადაეღობნენ მოხევენი, რომელთაც თოფის ტუჩები დაადეს გულზედ.

- მე ვარ! – გაბრაზებით, მაგრამ თითქმის ტირილით შესძახა ონისემ, – მესროლეთ, მომკალით!.. მადლია თქვენთვის!

- აბაიმე, ონისე! – წამოიძახა ერთმა და ყველამ თოფები ჩამოუშვეს.

- მადლი უფალს, ცოცხალი გადარჩენილხარ, – დაუმატა მეორემ.

ონისემ დაღონებით შეჰხედა, მაგრამ მაშინვე თვალები ელვასავით გაუბრწყინდა: იმას ეგონა, რომ მოლაპარაკემ იცის მისი საქციელი და დასცინის, მთლად აენთო და იწოდა უხილავის ცეცხლით, რომელიც მით უფრო ძნელი იყო, რომ არ დარჩენოდა სახსარი, სადაც ძალზედ არ აღგზნებიყო და თავისი ძალა არ ეგრძნობინებინა.

- მომკალით, ღირსი ვარ, მომკალით!.. ღთის მადლსა, ნუღარ დამინდობთ! – ემუდარებოდა ონისე და მდუღარება გადმოსდიოდა, – მომკალით, გეუბნებით, მადლია თქვენთვის!.. თუ დაბრმავდით, რომ ვაჟკაცი დიაცივითა ვტირი!..

მოხევეები გაშტერებულნი შეჰყურებდნენ ონისეს და ვერ მიმხვდარიყვნენ მის საქციელს.

- მაშ აღარ გებრალებით, აღარა?!. გინდათ ასე ვეწვალო?! მოსტყუვდით, ღთის მადლმა! ეგრე არ იქნების… ონისე ქვეყნად აღარ ივლის, მტერს არ გააცინებს!.. გიხარიანთ, გიხარიანთ განა?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! – მწარედ გაიხარხარა ონისემ და გაჰქანდა მტრის ბინისკენ.

პირველის გაშტერების შემდეგ, იქ მყოფნი მოხევენი გონს მოვიდნენ, გამოეკიდნენ ონისესა და დაიჭირეს.

- სად მიხვალ, რას სჩადი, ბეჩაუ!.. გონთ-გამოსულხარ, თუ რაია?!. – ეუბნებოდნენ ონისეს, რომელიც ძალზედ იბრძოდა და ცდილობდა გაშვებინებოდა.

- რაი გინდათ, რად მიჭერთ?.. სადაც ამხანაგები დამილიეს, მეც იქ უნდა ჩავეკაფვინო… მაშ, თუ ეგრეა, თავად მოვიკლამ თავსა! – წამოიძახა ონისემ და ჩახმახწამოყენებულის დამბაჩის ლულა პირში მიიცა, მაგრამ ვიღამაც ხელიდგან გამოსტაცა და სიკვდილს ასე გადაარჩინა.

იქ მყოფთ ეგონათ, რომ ონისე მეგობრების გაწყვეტას აერია და, რადგანაც გონს ვეღარ მოეყვანათ, ამისთვის აჰყარეს იარაღი, შეჰკრეს და თან წაიყვანეს.

- უღმერთონო, რას მემართლებით? – გულსაკლავად წარმოსთქვა ონისემ და ჯავრისაგან გამოწვეული მდუღარე გადმოედინა: – რაი გინდოდათ, მოვეკალი… ჩემი სირცხვილი თქვენ რას შეგმატებთ?

კიდევ ბევრსა ლაპარაკობდა ონისე, რომელიც თანდათან სუსტდებოდა და წყნარდებოდა, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა, რადგანაც ყველანი საშიშ მდგომარეობაში იყვნენ და იმ ადგილისკენ მიესწრაფებოდნენ, სადაც გოჩა დანარჩენის ხალხით გამაგრებულიყო.

XXIV

ისინი მიდიოდნენ ჯგუფად, გაჩუმებულნი, დახოცილნი. პირისახე ზაფრანად გარდაჰქცეოდათ, ტუჩები მოჰკუმოდათ და თვალები ცეცხლებსავით ანთებოდათ.

მეტისმეტად ძნელი იყო მათი მდგომარეობა, რადგანაც მტერთან შებრძოლებაც კი ვერ მოესწროთ და ისე უნდა დამორჩილებულიყვნენ, ან დიაცებრ გამოქცეულიყვნენ, ან არა და ცხვრებსავით კისერი მიეშვირათ, რომ სისხლით გაუმაძღარის ნუგზარის ჯარს შეუბრალებლად ხანჯალი, ან ხმალი გამოესვა.

ბრძოლას გულით მოწადინებულებს, თითო სროლაც კი ვერ მოეხერხებინათ, ისე დაეცნენ თავზედ და ვინ იცის რამდენი სალექსე ქებაშესასხმელი ბიჭი, მეზობელთ იმედი, ამხანაგებისთვის თავმოსაწონი, უცდელად გაფუჭებულიყო.

ვინც გადარჩნენ, ან იმათ რაღა მოელოდათ? სათემოდ მოყივნება, რადგანაც მთაში გაუფრთხილებლობით საქმის წახდენა მასხარად ასაგდებია, დამარცხება კი – უბედურება!.. პირველ შემთხვევაში ყველასგან ზიზღი, დამცირება მოელის, მეორეში კი – სიბრალული და თანაგრძნობა.

მიმავალნი მოხევენი იქამდის დაეხოცა თავიანთ უბედურებას, რომ თავიანთ თავს იმის ანგარიშსაც ვეღარ აძლევდნენ, თუ როგორ მოეპარა მათ ნუგზარის ჯარი ისე, რომ მოძრაობა ვერც კი გაეგოთ.

იმათ მხოლოდ ერთი დასამშვიდებელი ის-ღა ჰქონდათ, რომ სამი კაცი შეკრული მიჰყვანდათ და მათის აზრით ესენი იყვნენ ოსების და ლეკების გზის მაჩვენებლები. ამათ შემოეპარებინათ იმათი ჯარი და მოხევეთათვის გარს შემოერტყათ.

ამ დაჭერილთ შორის იყო ორი ოსი, რომელნიც თავიანთ ხალხს ადრიდგანვე გამოჰქცეოდნენ და ხევს შემოჰხიზნებოდნენ, ამათგან გაცემა და ჯაშუშობა შესაძლებელი იყო, მაგრამ მესამე დაჭერილი უხეთქავდა მათ გულსა. ის იყო მოხევე და მისი საქციელი მთელს ხევს ჩირქად ეცხებოდა.

დაღონებული, დასუსტებული და სულიერად დაცემული ონისე მისდევდა ამ ხალხს და თვალი ვერავისთვის გაესწორებინა.

- ონისე, შენც დაგიჭირეს? – ერთბაშად გაიგონა იმან, შეჰკრთა, მიიხედა და გაშტერდა.

იმის თვალწინ იდგა გაფითრებული და აღელვებული გუგუა, რომელიც მთლად კანკალებდა.

- გუგუა! – ბოლოს ძლივს მოახერხა ონისემ და ანიშნა შეკრულს ხელებზედ: – რაი მოგსვლია, რაისთვი შეუკვრიხართ?

- ღალატს მაბრალებენ, – ყრუდ წარმოსთქვა იმან და მეტის სიბრაზით გადააფურთხა.

ონისე ამ კაცს კარგად იცნობდა, გამოცდილი ჰყვანდა და დარწმუნებული იყო, რომ მისგან ამხანაგების ღალატი შეუძლებელი იყო. ამის გარედ, ამ უბედურობის შემთხვევის წინედ, გუგუა ძიძიასთან ერთადა ნახა, თავის ყურებით გაიგონა მათი ლაპარაკი და დაინახა, რომ სრულიად სხვა აზრით გასწია მოხევეთა ბინისაკენ. გუგუას ონისეს სიკვდილი უნდოდა, ონისე იყო მისი მტერი, მისდამი აღვსებოდა გული მძულვარებით.

„მაგრამ, იქნება“… – ერთბაშად გაურბინა ონისეს თავში: „ამ კაცს ჩემი მტრობა ედო გულში, მაგ ჯარის მშვიდობიანობა მე მქონდა მონდობილი და შურისძიების გრძნობამ მოღალატედ გახადა?“ – ონისეს წარბები შეეჭმუხნა და უსიამოვნო გრძნობა კბილების ღრჭიალზე დაეტყო.

- რაისთვი არას მეუბნები? – დაიწყო ისევ გუგუამ.

- რაი-ღა გითხრა?

- მაშ არა გაქვს-რა სათქმელი? – მწარედ წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: – იყოს, მეც გავჩუმდები… უფალს მადლობა უთხარ, რომ თავს ვეღარსაით ვიმართლებ. თორემ, ღთის მადლმა, მზეს დიდხანს არ გაცქერინებდი… ეხლა დღე შენია. შენი ყვავილი გაიშალა, შენი მზე გაბრწყინდა… ალბათ უფალს ეგრე უნდა და დეე გაბრწყინდეს… სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები.

ამ სიტყვების შემდეგ გუგუამ ჩაჰკიდა თავი, თითქოს მძიმე ტვირთი დააწვა კისერზედ, მწარედ ამოიხვნეშა: „ოჰ-ჰ!“ და განშორდა ონისეს; ონისეს გულს კი ერთი წვეთი ნაღველი-ღა აკლდა, რომ გავსებულიყო და გუგუამ დამატებით ჩაუწვეთა.

XXV

ჯერ კიდე დღე-ღამე არ გაყრილიყო, როდესაც სიონის სიმაგრეში მთელი ხევის ჯარი მოძრაობაში მოვიდა, მათ შეეტყოთ, რომ ნუგზარის შეერთებულს ჯარს მათი სანგალი აეღო, და შიგ მყოფ მოხევეთ გუნდისაგან მხოლოდ მცირე რიცხვი-ღა გადარჩენილიყო. ყველა აღგზნებულიყო გადახდის სურვილით და თვალებანთებულნი, პირგამეხებულნი ხმამაღლად გადახდევინებას ითხოვდნენ.

- სისხლი, სისხლი! მოძმეთ სისხლი ავიღოთ! – იძახდა მთლად ხალხი და ამ სიტყვის მეტი მათგან სხვა არა გაიგონებოდა-რა. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც არაფერი არ ავიწყდებოდა, როგორს მდგომარეობაშიაც უნდა ჩავარდნილიყო და ყოველთვის დროსა პოულობდა საქმის ყოველივე მხრისათვის ყურადღება მიექცია.

ეს გახლდათ გოჩა და ამისთვისაც იმან დაიბარა სანგალზედ გადარჩენილი მოხევენი.

გოჩას დიდი იმედი ჰქონდა თავის შვილისა და ის კი იქ იყო; მაშ როგორ მოხდა, რომ მტერი შეუმჩნევლად დაეცა?

- მითხარით, ჩქარა მითხარით: საქმე როგორ იყო? – დაიწყო გოჩამ, რაწამს დაბარებულები დაინახა.

- რაიღა როგორ იყო, – დაიწყო ერთმა მოსულთაგანმა: – ოსი ბეჩირაი და თაფსირუყო წასულიყვნენ მტრებთან, მოსავლელი გზა ეჩვენებინათ და მტერი სანამ თავს არ წამოგვადგა, ვერა გავიგეთ-რა…

მოსაუბრე გაჩერდა და გოჩა კი მთლად სმენად გადაიქცა. მისი გული თრთოდა და თითქოს რაღაცა უსიმოვნებას მოელოდა.

- ცხო? ცხო თუ აღარვინ ყოფილა? – იკითხა გოჩამ ცოტა სიჩუმის შემდეგ და წარბები შეეკრა.

- ბარემდის, რომ იმის მეტი არვინ ყოფილიყო?

- ცხო ვიღაა? – საჩქაროდ იკითხა გოჩამ და თვალები აენთო.

ის ჩააცქერდა მოსაუბრეს, რომელსაც მოღალატის დასახელება თითქოს უჭირდებოდა.

- ვინაა-მეთქი? – მკაცრად გაიმეორა გოჩამ.

- გუგუაი.

- როგორა, როგორ სთქვი? – ზარდაცემულსავით წარმოსთქვა მოხუცმა და ყელმა ხრიალი დაუწყო. გოჩას ეგონა, რომ სმენამ უღალატა.

- გუგუაი! – გაიმეორა მოხევემ.

მეტისმეტად ძნელი გასაგონი იყო გოჩასთვის თავისი მეზობლის დასახელება, იმ მეზობლისა, რომელიც იმის სამწყსოს ეკუთვნოდა და, მაშასადამე, გუგუას ზნეობრივს მიმართულებაში მასაც წილი უნდა სდებოდა.

- უფალო, რაი შეგცოდეთ, რომ მოძმეთ ღალატიც გვაჩვენე! – წარმოსთქვა მოხუცმა და თვალები ზეცას მიაპყრო.

მის გულს მწარედ სდაგავდა ამგვარი შეურაცხყოფა მთელის ერობისა და კარგად ესმოდა, რომ შესაძლებელი იყო ამ მაგალითს ხალხზედ მეტად ცუდი გავლენა ჰქონოდა.

მოხუცი ისევ ჩაფიქრდა, გაჩუმდა და დიდხანს ხმაამოუღებელი იდგა. იმის პირისახე ამ ხანში მთლად მოძრაობდა და ააშკარავებდა, რომ მისი გონება შეუწყვეტლად მუშაობდა და მოაზრებაში იყო.

ბოლოს მოხუცმა გადაისვა შეჭმუხვნილს შუბლზედ ხელი, რამდენჯერმე შეჰხედა გამომცდელის თვალით მოსაუბრეს და პირველად დაეტყო გაუბედაობა. მისი თვალები თითქოს ხვეწნასა და საყვედურს ერთად გამოსთქვამდნენ. მაგრამ რა გასჩენოდა ხევის ბერს, ხევის მმართველს უბრალო მეომართან ან სახვეწარი, ან სასაყვედურო? გოჩას ერთადერთი შვილი ჰყვანდა, ონისე დაღუპულის სანგალის დამცველთა შორის იყო და ის არსადა სჩანდა… მაშ რა იქნა. რატომ არ ეუბნებოდა რასმე მოსაუბრე უბედურს მამას?.. თუ მოკვდა, რატომ მის გმირულის სიკვდილის ამბით არ ანუგეშებდა მშობლის სევდამოცულს გულს?

ყველა ეს მოხუცს სწრაფად წარმოუდგა გონებაში და მედგრად მიწყვეტ-მოწყვეტა დაუწყო მის გულსა. მოხუცმა ვეღარ მოითმინა და კიდევ წყნარად შეხედა, მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და წარმოსთქვა:

- ონისე რაიღა იქნა, რას მიფრთხილდები?

- ონისე, ბეჩავი!.. კინაღამ გაგიჟდა… ჩვენ რომ არა ვყოფილიყავით, მტერს თავს შეაკლავდა, ღთის მადლმა.

გოჩა ამ მხრით რაოდენადმე დამშვიდდა: იმისი შვილი ცოცხალი იყო და ვაჟკაცად ეჩვენებინა თავი. სხვა რაღა უნდოდა?

- ეხლა სადღაა?

- ეხლა ბატარაი დამშვიდდა და ამხანაგებთანაა! – უპასუხა ისევ იმ მოსაუბრემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: – ასეთია ბეჩავი, რომ დანა პირს ვერ გაუხსნის.

მოხუცი დაკმაყოფილდა ამ კითხვებით და დამშვიდდა, რაოდენადაც მის მდგომარეობაში დამშვიდება შეიძლებოდა.

- უთხარ, დამნაშავენი დაამწყვდიონ და კარგად თვალყური ადევნონ… ჩვენ კი ღმერთი ვახსენოთ და მტერს მოძმეთ სისხლი მოვთხოვოთ, – წარმოსთქვა გოჩამ და გამოვიდა გარეთ, სადაც ჯარი უკვე მოგროვილიყო და მოუთმენლად ელოდა მტერზედ გალაშქრების წამს.

XXVI

გოჩას გამოსვლაზედ ხევის ჯარი წყნარად შეინძრა, გაიყო სამ რაზმად და ბელადების წინამძღოლობით მტრისაკენ გაემართა. იმათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ნუგზარისგან დაჭერილს სიმაგრეს სამ მხრივ დასცემოდნენ და საერთო იერიშის მიტანით მტრისათვის გადაეხადნათ. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ამ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა ხევის მომავალი მდგომარეობა და ბედ-იღბალი.

ყველა მიდიოდა პირზედ ღიმილით, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ წმინდა მოვალეობას ასრულებდა და, თუ სიკვდილი შეემთხვეოდა, მისი სახელი ხალხში დიდხანს მოიხსენებოდა და შორს მთებში გაითქმებოდა. სააქაოს მოელოდა სანეტარო ხსენება და საიქიოს – ზეციერი ჯილდო. მაშასადამე, ამგვარი რწმუნების ხალხისათვის ბრძოლა თვითმყოფელობისთვის, თავის მიწა-წყლის დასაცავად მეჯლისში წასვლას ემსგავსებოდა. ბრძოლისა და მტერთან შეტაკების სურვილს უმეტესად უცხოველებდა მოძმეთ წამების მოგონებანი, რომელნიც გულს ძალზედ უმღვრევდა და სისხლისთვის სისხლს მოაწყურებდა.

მიმავალთ მოხევეთა შორის ონისეც იყო, რომელსაც მხიარული, მუდამ მოღიმარი სახე ჭმუნვარებით შესცვლოდა, და ძალზედ მოკუმულს ტუჩების გამო სახის კანიც გასჭიმოდა. თვალებაღგზნებულს ღაწვები თითქოს გამობურცებოდა და სიბრაზის ნიშნად ლოყების ძარღვები ძალზედ უცემდა.

ონისეს, ბუნებითვე ვაჟკაცს და თავგანწირულს, დღეს მეტი მიზეზი ჰქონდა ერთი-ორად გადაქცეულიყო, რადგანაც თავის შეცდომას და თავდავიწყებას ჰგრძნობდა და უნდოდა მეტის თავგანწირვით ცოდვა რაოდენადმე შეემსუბუქებინა.

იმას ჰყვანდა ჩაბარებული რამდენიმე კაცი, რომელიც მოხევეთა ერთის გუნდის მოწინავე ჯარს შეადგენდა და მინდობილი ჰქონდა, რომ ყოველი ღონისძიება ეხმარა მტრისგან სადარაჯოდ გამოყენებულს კაცებს შეუმჩნევლად მიჰპარებოდა და ან შეეპყრა, ან დაეხოცა. ამასთანავე ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ მტრის უმთავრესს გუნდს ვერ შეეტყო, რათა მათ მოხევეების დასახვედრად მომზადება ვერ მოესწროთ.

ონისე მიუძღვებოდა თავის პატარა რაზმს და ყოველგვარად ფრთხილობდა, ბრძანება გადაუბრუნებლად აღესრულებინა. ყველაზედ წინ მიდიოდა სმენადგადაქცეული ონისე და შემდეგ მწკრივად მისდევდნენ დანარჩენები, რომელნიც სიფრთხილით აბიჯებდნენ და ფეხს თითქმის იმავ ადგილას ადგამდნენ, რომელზედაც წუთის წინეთ მათი ბელადის ფეხი მდგარიყო.

რიყიან ადგილზედ მეტად დიდი გაფრთხილება და ფეხის სიმარჯვე უნდოდა, რომ ქვების შენძრევით ღამის მყუდროება არ დაერღვიათ და მით თავიანთ მოძრაობაზედ მტრის ყურადღება არ მიექციათ. ბანდულებჩაცმული მოხევენი მიიპარებოდნენ და, სანამ დედამიწაზედ მაგრად დააბიჯებდნენ, რაოდენსამე ხანს ადგილის სიმკვიდრეს ფეხით სცდიდნენ. ერთბაშად ონისე შესდგა და იმ ადგილზედვე ჩაწვა. სხვებიც ხმის ამოუღებლივ ამგვარადვე მოიქცნენ და მიწას გაკრულებმა ხანჯლები ამოიღეს.

გაიარა რამდენმამე წუთმა ამ სიჩუმეში და მოპირდაპირე მხრიდგან ხუთი კაცი გამოჩნდა, რომელნიც ამგვარადვე სიფრთხილით და გაჩუმებულნი მოდიოდნენ. ონისემ დააცალა, სანამ უკანასკნელი გაუსწორდებოდა და, რა მოუახლოვდა, ფეხზედ წამოიჭრა. მასთან ერთად წამოცვივდნენ დანარჩენებიც და წუთს შემდეგ ადგილის დასათვალიერებლად გამოგზავნილი ოსები მიწაზედ ფართხალობდნენ. და რამდენადაც სისხლი აკლდებოდათ, იმდენად სიკვდილს მეტის გამწარებით ებრძოდნენ.

ყველა ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ოსებმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრეს. რაკი მოხევეებმა ამათგან მოიცალეს, ისევ თავიანთ გზას გაუდგნენ და ალიონის აწევასთან ერთად მტრის ბანაკს მიუახლოვდნენ. იქ ჩასაფრდნენ და ამხანაგებს ლოდინი დაუწყეს. მტრის ბანაკში სრული მყუდროება სუფევდა, რადგანაც ერთის მხრით გაზვიადებულნი პირველის გამარჯვებით და მეორეს მხრით დარწმუნებულნი თავიანთ დარაჯების სიფრთხილეში თავისუფალს, დამშვიდებულს განსვენებას მისცემოდნენ. ნუგზარ დარწმუნებული იყო, რომ მოხევენი შეშინდებოდნენ და მეორე-მესამე დღეს შუაკაცებს გამოუგზავნიდნენ. ის თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ხევის ერთი მუჭა ხალხი მასთან შებრძოლებას გაბედავდა, მით უფრო, რომ მას ახლდა საკმაო რიცხვი ლეკთა გარაზმული და კარგად შეიარაღებული ჯარისა.

მოხევეთ სამივე მხრიდგან წამოუარეს და შეუმჩნევლად მტერს გარს შემოერტყნენ.

გავარდა ერთბაშად თოფი და ეს ნიშანი იყო საერთო იერიშისა.

წამოცვივდა ნუგზარის ჯარი, მაგრამ მოულოდნელობის გამო მთლად აირია და გონებადაკარგული მებრძოლნი უაზროდ დარბოდნენ. შესეული მოხევენი დროს არ აძლევდნენ, რომ გონს მოსულიყვნენ და უწყალოდ ჰხოცდნენ. ამ საერთო არეულობაში, მხოლოდ ერთს ადგილს მოჩანდა თეთრი ცხენი და მაზედ ამხედრებული ნუგზარ, რომელსაც ხელში ხმალი ეჭირა და მარჯვნივ, თუ მარცხნივ სხეპავდა. მას გვერდს მოსდგომოდა რამდენიმე გამოჩენილი ლეკთა ვაჟკაცი და ღირსეულს მხარს უშვენებდნენ; აშკარად სჩანდა, რომ მათს გულში ვაჟკაცობის ცეცხლი უმეტესად ინთებოდა, ვიდრე იმ თრუსოელებისაში, რომელთაც შებმას გაქცევა ერჩიათ.

ამ საერთო არეულობაში ონისე დამთვრალსავით დადიოდა და ვისაც კი შეეყრებოდა, მზისთვის დიდხანს აღარ აცქერინებდა. ის ეძებდა გაცხარებულს ბრძოლას და, სადაც იგი გაჩნდებოდა, სწრაფად შუაგულში მოექცეოდა, თუმცა სიკვდილის მძებნელი მოჯადოებულსავით ყველგან უვნებლად რჩებოდა.

მისი სიმამაცე, გულადობა და თავგანწირულობა მაყურებელთ აოცებდა და ქებას წარმოათქმევინებდა.

ერთბაშად გორაზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც თეთრი თმა გაშლოდა და ნიავი უმღელვარებდა. დროშის თავი, რომელიც ხელში ეჭირა, სანუგეშოდ ფრიალებდა და წვერზედ გაკეთებულს ოქროს ჯვარს კრიალი გაჰქონდა.

გოჩას ცხენი ამაყად და მედიდურად მიაბიჯებდა, თითქოს ჰგრძნობდა, რომ მისი მხედარი ხალხისაგან იყო არჩეული და მას არც ერთხელ თავის ამრჩევთაგან საყვედური არ მიეღო.

მოხუცმა შეუტია ცხენსა და გააქროლა იმ მხარისკენ, სადაც ნუგზარ რამდენიმე კაცით ჯერ კიდევ იბრძოდა.

- აბა, ბიჭებო!.. მომყევით. ვისაც გული გერჩისთ! – დაიძახა გოჩამ და ხალხი სწრაფად შეჯგუფდა, ბურთსავით შეიკრა ნუგზარის გარშემო.

ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით დაიფარა; მზის შუქიც კი თითქოს მიბნელდა. აქამდისინ მოყიჟინე, ეხლა გაჩუმებულიყვნენ და მყუდროებას მხოლოდ კბილების ღრჭიალი, იშვიათი დაკვნესება და იარაღის ჩახა-ჩუხის ხმა დაარღვევდა.

ხანდახან ნიავისაგან გაფანტულს მტვერში გოჩას დროშა გამოჩნდებოდა, რომელიც ისევ უვნებლად ფრიალებდა და მებრძოლთა გულებს ფოლადად უწრთობდა. ერთბაშად შეკუმშული ხალხი როგორღაც წამოტრიალდა, გაიშალა და ასტყდა ისევ ყიჟინა.

ქარმა გაჰფანტა ბრძოლის მტვერი და წუთს წინეთ სიცოცხლით სავსე მებრძოლთაგან კოშკად აშენებული დახოცილები-ღა გამოჩნდა! მათ შორის იდგა გოჩა, დაღონებული, გაფითრებული და სევდიანი თვალები ზეცისკენ მიეპყრო! შორს გზაზედ მტვერი მოჩანდა და იმის შუა ხანდისხან გამოჩნდებოდა ხოლმე ნუგზარ და რამდენიმე ცხენოსანი, რომელნიც სიკვდილს რაღაცა მანქანებით გადარჩენოდნენ.

XXVII

ხალხი დაწყნარდა; დაასაფლავა თავიანთი დახოცილები, მაგრამ ჯერ არ იშლებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო. რომ ნუგზარ ასე მალე ვეღარ მოუბრუნდებოდა და საკმაოდ დაფრთხობილს ოსებს ისე ადვილად ვეღარ დაიყოლიებდა მოხევეებზედ გასალაშქრებლად.

ამ გორაკის ერთს ადგილას რგვალად შემოწყობილს ქვებზედ მოგროვილიყვნენ თემისა და ჯარის თავები. იქვე მოსულიყვნენ დეკანოზი სასოფლო დროშებით და ხევის ბერს გოჩას გარს შემოჰხვეოდნენ. ეს წრე მხოლოდ ერთის მხრით იყო გახსნილი და იქ დანარჩენი ხალხი მოგროვილიყო. ყველას პირისახეზედ რაღაცა ჭმუნვარება ეტყობოდა; კაცი ვერ გაარჩევდა, ეს იყო გლოვა თავიანთ დაკლებულობისა, თუ რომელიმე უსიამოვნობის მოლოდინი. გოჩას და მასთან ერთად თემის უფროსებს თავები ჩაეკიდათ და ხმაამოუღებელნი რაღაცა ფიქრს ეძლეოდნენ. მეტისმეტი მძიმე მდგომარეობა იყო, სურათი შავად და ბნელად მოცულიყო, მაყურებლის გული ჰკვნესოდა მოლოდინით.

ერთბაშად გოჩამ აიღო თავი და იქაურობას სევდიანი თვალი მოავლო. ონისე, რომელიც ხალხში იდგა და გოჩას შეჰყურებდა, გაჟრჟოლდა, თვალი ვეღარ გაუსწორა მოხუცს და თავი დაჰხარა.

გოჩა დააკვირდა ონისეს, მაგრამ ჩქარა ისევ თვალი მოაშორა და წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოსთქვა:

- მოიყვანეთ დამნაშავენი.

ხალხი შეინძრა, გაიპო ორად და თემისაგან არჩეულის მსაჯულების წინ წარსდგნენ ორი ოსი და გუგუა.

ხალხი ცახცახით უყურებდა ამ სურათს და მოელოდა იმ წუთს, როდესაც უზენაესის უფლება უნდა მიეღო და ვინ იცის რა უნდა გადაეწყვიტა.

- გაუხსენით ხელები, – ბრძანა გოჩამ და მისი ბრძანება მსწრაფლად აღსრულდა.

ამის შემდეგ გოჩამ, ხევის ბერმა, იდაყვი დაიდო მუხლზედ. ხელით თავი მიიბჯინა და, მთლად სმენად გადაქცეული, ისე დარჩა.

თემის თავებიდგან ყველაზედ უფროსი წამოდგა, გავიდა შუა ადგილას, დაიჩოქა და წარმოსთქვა:

- ხალხო და ჯამაათნო!.. სმენა იყოს და გაგონება… აი. თქვენს წინა სდგას ორი ოსი… ექვსი წელია მას შემდეგ, რაც ესენი ჩვენს თემობაში მოვიდნენ, შეგვაბრალეს თავი და შეგვატყობინეს, რომ თავიანთ ხალხში აღარ ეცხოვრებათ, რადგანაც კაცი შემოჰკდომოდათ და სდევნიდნენ… ჰაი, ჰაი, რომ ნებისნებად კაცის სიკვდილი არ ვარგა, ცოდოც არის, მაგრამ როცა კაცს გაუჭირდების, არამც თუ ცხოსა, თავსაც კი მოიკლავს ხოლმე… კაცის შემოკდომა უბედურებაა და უბედურები ითხოვდნენ ხევისაგან ლუკმა პურსა და თავშესაფარსა… ხევი ჩვეული არაა სტუმარს დაემალოს, მთხოვარაი არ განიკითხოს; ხევმა მისცა მათ ბინა, აუშენა სახლი, დაუთმო სახნავები, ხევმა იძმო და მოსვენებული ცხოვრება მისცა… ამათ რითი-ღა გადაგვიხადეს მადლობა?.. ჩვენს მტერს უჩვენეს მოსავლელი ბილიკები, ჩვენს ჯარს მოულოდნელად თავს წამოაყენეს და ვინც ამათ ლუკმა მიაწოდა, საკიდელი ჩამოაკიდებინა, ისინი ღალატით გააწყვეტინეს… რას იტყვით, ხალხო და ჯამაათნო!.. ყველა შეგატყობინეთ, ყველა გაგაგებინეთ, სახუმრო არ არის კაცის სიკვდილი.

მოხევე წამოდგა, დაუკრა ყოველს მხარეს თავი და თავის ადგილას დაჯდა.

- იმართლეთ თავი, თუ შეგიძლიანთ, – წარმოსთქვა გოჩამ, რომელსაც მდგომარეობა არ შეუცვლია.

მაყურებელნი მოუსვენრად ტოკავდნენ, მაგრამ საქმეში კი არ ერეოდნენ. ოსების დანაშაული მეტად აშკარა იყო, რომ კიდევ თავის მართლებას მოჰყოლოდნენ და ამისთვის დაეცნენ მუხლებზედ და ტირილით ეხვეწებოდნენ პატიებას, მაგრამ მსაჯულნი მათ მუდარისადმი ყრუდა რჩებოდნენ. ისინი შეჯგუფდნენ გოჩასთან, ცოტა ხანს რაღაცა არჩიეს და ისევ თავთავიანთ ადგილას დასხდნენ. ცოტა სიჩუმის შემდეგ, გოჩამ აიღო თავი და წარმოსთქვა:

- ორნივ ჩაქვავდეს!

ამ სიტყვებმა ხალხში ჟრიამულად გაირბინა და ოსებს ფერი სრულიად დააკარგვინა. ერთი მათგანი მიუახლოვდა გოჩას, რომელმაც გადაწყვეტილების წარმოთქმის შემდეგ ისევ თავი ჩაჰკიდა და ღრმა საგონებელში წავიდა.

- გოჩავ, გემუდარები: – დაიძახა ოსმა: – ყმად გაგიხდები, ოღონდაც დამიხსენ.

- ჩაქვავდეს! – იმავ ხმით გაიმეორა გოჩამ.

- მაშ უნდა მომკლან, ჩამაქვაონ?! – დაიძახა ოსმა და ფეხზედ წამოვარდა: – დეე მომკლან, მაგრამ შენც აღარ გაცოცხლებ!

ამ სიტყვებთან ერთად, ოსის ხელში გაიელვა ხანჯალმა, რომელიც ჩოხის ქვეშ ჰქონოდა დამალული. ხალხი ერთბაშად მიაწყდა იმ ადგილს, ბურთსავით შეიკუმშა და როდესაც გაიშალა, გოჩა ისევ ისე მედიდურად იჯდა! ადგილიც კი არ შაეცვალა მოხუცს მხოლოდ ზიზღი აღძროდა თვალებში, რომელნიც იქავ ჩახოცილს ოსებს დაჰყურებდნენ.

XXVIII

როდესაც ოსებისგან მოიცალეს, გოჩა ისევ ჩაფიქრდა და წყნარად და დამშვიდებით წარმოსთქვა:

- მოიყვანეთ გუგუა.

რამდენიმე კაცი მიუახლოვდა გუგუას, გაუხსნეს ხელები და წინ წააყენეს. პირველსავე განძრევაზედ მოხევეს თვალთდაუბნელდა, წატორტმანდა, წაიბარბაცა, მაგრამ მაშინვე თავი შეიმაგრა და შედგა.

ბრალდებული გუგუა მთლად გაფითრებული და პირგამშრალი იდგა ხალხის წინ და უაზროდ თვალები ერთის ადგილისკენ მიექცია.

ხალხი სწყევლიდა, ლანძღავდა და ერთმანეთს თითით უჩვენებდა ამ ავაზაკზედ. როგორც წეღან, ეხლაც გამოვიდა ერთი თემის თავთაგანი და შეუდგა გუგუას გამტყუნებას.

აღმოჩნდა, რომ როდესაც მტერი მოხევეთა ბინაზედ იერიშით მოდიოდა, გუგუა მათ წინ მოუძღოდა და, უეჭველია, ნუგზარის ჯარს გზას უჩვენებდა.

- გაიმართლე თავი, თუ შეგიძლიან, – უთხრა გოჩამ და გაჩუმდა.

გუგუამ ამოიხვნეშა, მოავლო იქაურობას თვალები და ონისე, რომელიც ისევ იმ ადგილზედ გაქვავებულსავით იდგა, დაინახა. გუგუას თვალები გაუბრწყინდა, პირისახე გაუწითლდა, გაიბრძოლა იმისაკენ, დატორტმანდა და თავი შეიმაგრა. გუგუა მობრუნდა მსაჯულებისკენ და მწუხარებისაგან დაღრეჯილი სახე შეაქცია. ბოლოს მოიგლიჯა ქუდი, რომელიც თითქოს თავსა სწვავდა და დედამიწაზედ დაახეთქა.

- სთქვი, თუ სათქმელი რამე გაქვს! – გაიმეორა გოჩამ და ხმამ მხოლოდ ერთს ადგილას უღალატა, ერთგან გაისმა დანჟღრეულს სიმად.

- რაი ვთქვა, რაი გითხრათ?.. – მწარედ წარმოსთქვა გუგუამ: – უფალმა იცის, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ მტერის წინ მომძღოლი მნახეს და ვინ დამიჯერებს?.. რაისთვი-ღა მაწვალებთ, რაისთვი მალაპარაკებთ?.. მომკალით და თქვენც მოისვენებთ!

- ბალღო, სიკვდილი ძნელი არაა… – ცოტა სიჩუმის შემდეგ დაიწყო ისევ გოჩამ და ხმაში აღგზნებული სიყვარული დაეტყო: – მაგრამ გულს არ სჯერა, რომ ხევის მიწაწყლის კაცი, ხევის ძუძუთი გაზრდილი, – მოძმეთ უღალატებდა, ამხანაგთ გაჰყიდდა, მიწას შეარყევდა და ცას ჩამოანგრევდა!.. გული სამუდამოდ იკვნესებს, სევდა არ დაელევის, ნისლს ვეღარ გაიცლის, თუ მართლა მოძმეთ გამსყიდავად გიცნო.

გუგუას ამ სიტყვებმა გული მოულბო, იმან დაინახა, რომ მოხუცის გული მშობლიურის მზრუნველობით ექცეოდა და გულით უნდოდა პატიოსნებით სავსე კაცი მაინც დაერწმუნებინა, რომ მართალი იყო.

- გოჩავ, უფლის მადლმა, დიდებულის წვერის სპარს-ანგელოზის მადლმა, ვფიცავ ყმაწვილკაცობის სიყმეს, ვფიცავ შენს სახელსაც, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ თავს ვერაფრით ვიმართლებ და უნდა დავისაჯო, უნდა მოვკვდე.

- მტრის ჯარში საიდგან გაჩნდი?

- საიდგან?.. გინდა ყველაფერი მათქმევინო?.. თავი დამანებე, გოჩავ!.. ნუ მალაპარაკებ!.. ხომ ხედავ, რომ ლაპარაკი მიძნელდების?.. ყოველთვის გულკეთილს, დღეს ჩემი წვალება რაისთვი-ღა მოგიწადინია?

- ჩემი გულიც არ არის მოსვენებული, გუგუავ, უწყის უფალმა!.. ყოველ სიტყვაზედ, ყოველ კითხვაზედ ლახვარი მიტრიალებს გულში, მაგრამ თემი და მისი საქმე შენზედაც დიდია და ჩემზედაც… მაშ გვითხარ ყველაფერი.

- გითხრათ?.. კარგი!.. – წამოიძახა მოხევემ და საჩქაროდ მიბრუნდა იმ მხარეს, სადაც ონისე იდგა.

საცოდავს სახე მთლად დაპრანჭოდა და მძიმე ტვირთს თითქოს ოთხად მოეხარა. გაყვითლებულს პირისახეზედ სიცოცხლის ნატამალი აღარ ეტყობოდა. გუგუა ისევ შესდგა, შეიმაგრა თავი და მსაჯულებისკენ გამობრუნდა.

- გამიგონეთ… სიკვდილისა არ მეშინიან, თუნდა გამამართლოთ კიდეც, ღთის მადლმა, თავს აღარ ვიცოცხლებ. რაისთვი-ღა მანდა ერთხელ გაწბილებული სიცოცხლე!.. მაშ გამიგონეთ… ყველას მართალს გეტყვით, – მე მთიდგან მოვდიოდი და, როდესაც ჩამოვივაკე, მტერს შევეფეთე… გამოვიქეც, რომ საფარში შემეტყობინებინა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მომდევდა და ვეღარ მივასწარ… ისინი თოფს არ მესროდნენ, რომ ხმაურობაზედ ჩვენი მდევარი არ გამოსულიყო და მე კი თოფ-ტიელას ჩახმახი მომეშალა… ჩვენებმა მტრის ჯართან დამინახეს და მოღალატე გამხადეს … თუ ვსტყუოდე, მიწამც გამისკდეს… და თან ჩამიტანოს!

- მთაში რაი გინდოდა? – ჰკითხა ერთმა მსაჯულთაგანმა.

- საქმე მქონდა.

- მარტო იყავ?

გუგუამ არა უპასუხა-რა და ამისთვის კითხვა გაუმეორეს.

- მარტო იყავ?

მოხევე ებრძოდა თავის გრძნობას და არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა, რომელიც მაინც კიდევ ქვეყანას ერჩივნა.

- რაი ბედენაა, მარტო ვიყავ, თუ არა? – ბოლოს წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: – თქვენთვის იმის გამოკითხვა იყო საჭირო, რომ გაგყიდეთ, თუ არა… მე გეუბნებით, რომ არ გამიყიდნიხართ, არ მიღალატნია თქვენთვის, ჩემს გაჩენაში გულშიაც არ გამივლია თქვენი წინააღმდეგობა, მოწმე ღმერთია!.. ცხოს ნუღარას მკითხავთ, პასუხი არ მიშველის და სიკვდილის წინა წუთებს კი მომიწამლავს.

ამის შემდეგ გუგუა გაჩუმდა, დაიკრიბა გულ-ხელი და გაჩუმებული დადგა. ყოველ კითხვაზედ ის მუნჯად რჩებოდა და მისი სიჩუმე მძიმე ლოდად აწვებოდა ონისეს.

ხალხი გაჩუმებული იყო და სულგაკმენდილი ელოდა თემის მოთავეთა გადაწყვეტილებას, რომელნიც გოჩას შემოჰხვეოდნენ. კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე მოთავენი რჩევაში იყვნენ.

ერთბაშად გაიშალა კრება, და მსმენელთ გულის ძგერამ უფრო იმატა. მოუთმენლობამ უკანასკნელს საზღვრამდის მიაღწია. ყველამ თავთავისი ადგილი დაიჭირა და საერთო სიჩუმის დროს წამოდგა გოჩა.

- ღმერთო, მოგვიტევე, თუ ვცდებით რაშიმე!.. რაც შენ გვაგონე, იმას წარმოვსთქვამთ… ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს, რომ გუგუა გაწირული, მოშორებული იყვეს თემისაგანაც და ნათესაობისაგანაც… მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გაჰყვეს… დღეის შემდეგ, არც ვის არა აქვს ნება მას მიაწოდოს ცეცხლი, თუ უცეცხლოდა ნახა, მიაწოდოს წყალი, თუ მწყურვალი ნახა, მიუშვიროს პური, თუ მშიერი ნახა… ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად… ხევის ჯვარ-ანგელოზნო, თემის პირის გამტეხს და გადამბრუნებელს შენა რის…

- შესდეგ! – ერთბაშად ვიღამაც ხელი გაავლო გოჩას და სიტყვა გააწყვეტინა.

ხალხმა გაკვირვებით შეჰხედა ხევის ბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა.

- შესდეგ, ხევის ბერო! გუგუა მართალია! – დაიძახა ონისემ, რომელსაც თმა აჰბურძგნოდა და თვალებში სისხლი ისე მოსწოლიყო, თითქოს წამოცვივნას აპირებენო.

ხალხი აიშალა. აირია და ყაყანი დაიწყო. გოჩამ შეარყია დროშა და ზარების ხმასთან ერთად ხმამაღლად მბრძანებლის კილოთი დაიძახა:

- იყუჩეთ! – და ამ ხმის გაგონებაზედ ერთბაშად ყველა გაჩქურდა.

- სთქვი, რას ამბობდი?

- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით… გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით.., ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ… მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ…

- ეგ ვიღამ გიამბო? – ერთბაშად წამოიძახა გუგუამ და ეჭვისაგან თვალები აენთო.

- ჩემის ყურით გავიგონე… როდესაც შენ ლაპარაკობდი, მე გზის იქით ვიყავ ჩასაფრებული… რაიღა დავმალო?.. მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა… მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა!.. გუგუა უბრალოა! – ლაპარაკობდა გაჩქარებით და აღელვებით ონისე და მთლად კანკალებდა. ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.

ზარდაცემული მოხუცი მთლად კანკალებდა და კარგა ხანს გონს ვერ მოსულიყო.

ბოლოს ძალზედ ამოიხვნეშა, მოისვა შუბლზედ ხელი და ყვედრებით წარმოსთქვა:

- მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედმამის საფლავიდგან ამომგდებო!.. რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!.. – ამ სიტყვების შემდეგ მოხუცი მსაჯულებს მიუბრუნდა: – მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!

კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგ თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად წარმოსთქვეს:

- გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია… მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია…

- მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს… კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა… ონისე ეხლავე მკვდარია… მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!

- გოჩაუ, – სცადეს მოხუცის შეყენება, მაგრამ პირგამეხებული ხევის ბერი ცეცხლებსა ჰყრიდა თვალთაგან.

- უნდა მოკვდეს, მოკვდეს შეუბრალებლად… და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოექცეთ… მე მიყურეთ… – მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაქანდა შვილისკენ და შესძახა:

- მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!

ამ სიტყვებთან ერთად იელა ხანჯალმა და ონისემ მიწაზედ ფართხალი დაიწყო; მოხუცის მახვილს შვილისათვის გული ორად გაეპო. ეს მოძრაობა ისე სწრაფად მოხდა, ისე საჩქაროდ, რომ უბედურების შეყენება ვეღარავინ მოასწრო.

ხალხი შემოიფანტა და ახლო ვეღარ მიჰკარებოდა მოხუცს, რომელსაც ძარღვები ძალზედ უღმეჭავდნენ და უცნაურად უთამაშებდნენ სახეს.

- გოჩა! – ცოტა ხანს შემდეგ ვიღამაც ხელი გაავლო მოხუცს.

- ჰაი? – ანგარიშმიუცემლად წამოიძახა მოხუცმა და მოიხედა.

მის წინ იდგა გუგუა.

- გოჩავ! – განიმეორა იმან ხმამაღლა: – წეღან გითხარ, რომ დამნაშავე არა ვარ-მეთქი, მაგრამ ერთხელ მაგგვარის ცილის წამების შემდეგ აღარ ვიცოცხლებ-მეთქი… ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს… მშვიდობით გოჩავ, მშვიდობით ხალხო! – ამ სიტყვებთან ერთად მან გაიძრო დამბაჩა, მიიცა ლულა პირში და ტვინი ჰაერში შეასხა…

მოხუცმა მხოლოდ ამოიკვნესა, მიიხედ-მოიხედა შეშინებულის თვალებით და შეჰკრთა. ბოლოს დააწყებინა ცახცახი და გასისხლიანებული ხანჯალი, რომელიც ხელში ეჭირა, შორს გადასტყორცნა… რაოდენსამე ხანს ისე ჩუმად იდგა. დაესხა თავსბრუ და ჩაიკეცა, ის დაეკონა შვილს და რამდენჯერმე წყნარის ხმით წარმოსთქვა:

- შვილო, შვილო! – და ზედ გაეკრა.

კარგა ხანს დასტიროდა ონისეს გაყინულს სხეულს; ბოლოს წამოიხედა, ველურად დაიწყო აქეთ-იქით ყურება და ერთბაშად შეშინებული წამოვარდა.

- შორს, შორს!.. – დაიძახა იმან და ჰაერში ხელები გაიშვირა: სისხლი, ხანჯალი… შვილი, შვილი! რა იქნა ჩემი შვილი! – ძალზედ შეჰკივლა და ვეფხივით ღრიალი დაიწყო…

გაიარა კარგა ხანმა, ხევი დამშვიდდა. ცხოვრებამ ჩვეულებრივი მდინარეობა მიიღო.

მხოლოდ სამტვეროს ტყე გადაიქცა ყველასათვის მოსარიდებლად, რადგანაც იქ ჩასახლდა ჭკუაზედ შემცდარი გოჩა და გამვლელ-გამომვლელს თავის შვილზედ ამბის კითხვით არ უსვენებდა. ის ყველას ეპატიჟებოდა თავის სახლში და უამბობდა, რომ შვილს მოელოდა შორის გზიდგან. მერე დაუწყებდა მუქარას, რომ შაეტყობინათ, რა მოუვიდა ონისეს, და ბოლოს შემზარავის ღრიალით გაათავებდა.

ასე მიდიოდა მოხუცის დღეები იმ დრომდის, სანამ ერთს ზამთარს თოვლს ვიწრო ხევში არ ჩაეჩუმქრა.

რაც შეეხება ძიძიას, ის იმ ღამიდგან, რაც ონისეს განშორდა, აღარავის უნახავს.

ფუნთუშა – ერთგვარი პურია, რომელსაც ღუმელში აცხობენ.

ეს ჩვეულება ეხლა შეიცვალა: ამ ბოლო დროს მეფე-დედოფალი და «ხელისმომკიდე» ერთად სხდებიან ქალის სახლიდამვე, რადგანაც ჯვარისწერა უმეტეს შემთხვევაში ქალის სამშობლოში ხდება.

ეს მოთხრობა სიტყვა-სიტყვამდე მიამბო ფრიად მოხუცმა მოხევემ დინჯა ხულელმა.

ნანახია: 3719 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
პარასკევი, 04.26.2024