მთავარი » 2015 » თებერვალი » 18 » ალექსანდრე ყაზბეგი ,,ხევისბერი გოჩა" (მოთხრობა I-X თავები )
10:13 PM
ალექსანდრე ყაზბეგი ,,ხევისბერი გოჩა" (მოთხრობა I-X თავები )

ალექსანდრე ყაზბეგი – (1848-1893)

ხევისბერი გოჩა

I

იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.

მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.

სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ისარსავით სწორედ გამართულნი, ნაზის, გულშემტაცებელის რხევით ერთმანეთისკენ მიესწრაფებოდნენ.

აგერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ცხენების თავები თითქმის ერთმანეთს სწვდებიან, საცაა შეეჯახებიან. მაგრამ სწრაფად, თითქოს მანქანებით, ერთბაშად შეჩერებულნი, ქვისგან გამოჭრილს სურათებს დაემსგავსნენ და ჰაერში გაისმა მხიარული მისალმება:

- გზა მშვიდობისათ!

- მშვიდობითაც გივლიათ!

ამის შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და ყველანი, ერთმანეთში არეულნი, გაემართნენ გაცალკევებულის სახლისკენ, სადაც სარკმლებიდგან გაჩაღებული ცეცხლის შუქი და მხიარული ტაშ-ფანდურას ხმა გამოდიოდა.

კარებთან გაცვივდა კიდევ თოფები და დამბაჩები, და ამ გრიალს შეუერთდა იქავ მოგროვილის ბავშვების ყიჟინის ხმა, და ცხენოსნები ჩამოხტნენ.

პატარები მისცვივდნენ ცხენებს, ჩამოართვეს და დაუწყეს წინ და უკან ტარება, რადგანაც გაოფლიანებულს ცხენებს ორთქლი კორიანტელსავით ასდიოდათ და სიარულში შეშრობა ეჭირვებოდათ, რომ ცივს ნიავს არ დაეკრა და არ დაეხუთა.

სტუმრები მოგროვდნენ კარებთან, შუაში ჩაიყენეს ერთი წამოსადეგი, ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ყმაწვილი ბიჭი, რომელსაც ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და გვერდს მოუყენეს მეორე ყმაწვილი ბიჭი, უფრო მდიდრულად ჩაცმული და მთლად ოქრო-ვერცხლით შეჭედილი.

ყველანი გაჩუმდნენ და ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.

ცოტა ხანიც და გაისმა წვრილი, წკრიალა ხმა „ჯვარულისა“. მას მისცეს ბანი და ჰაერი დაიფარა მედიდურის, ძლიერის და ამ ერთადერთის სავაჟკაცო სიმღერის ხმით, რომელიც თავის ჰარმონიით კაცს გაიტაცებს და სმენას დაუტკბობს, ძლიერებით ძვალსა და რბილს აუთრთოლებს, სისხლს აუჩუხჩუხებს და სახელის გამოჩენას მოაწყურებს. ამ სიმღერას მხოლოდ მთაში მღერიან, მხოლოდ იქაურს მედიდურს ბუნებას შეეძლო ამისთანა ჰარმონიული ხმის დაბადება!..

ამ სიმღერას მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში. ეხლა ქორწილი გახლდათ. ნაბდიანი კაცი, გუგუა ფიჩიტაური, იყო სასიძო და მის გვერდით მყოფი ყმაწვილი, მდიდრულად ჩაცმული – ონისე, შვილი განთქმულის „ხევის ბერისა“ გოჩასი, რომელიც გუგუას ხელისმომკიდედ, მეჯვარედ მოჰყოლოდა.

II

სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილს სახლში, სადაც უფროსი კაცები მოეგებნენ, დაულოცეს სასიძოს გზა, შემოატარეს კერა და „ხელის მომკიდესთან“ და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას თავში დასხეს. აშლილი ხალხიც ისევ დალაგდა, გაიმართა ისევ ლხინი და თასების გაგზავნ-გამოგზავნა ჩვეულებრივის „სმურებით“.

აქ იყვნენ მარტოკა კაცები, ქალები არსად სჩანდნენ. მათი ხმა მოისმოდა სახლის უკანა კუთხიდგან, სადაც სენა იყო გამართული. იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიეზიდათ ყმაწვილი ბიჭები, რომელნიც გატაცებით შესცქეროდნენ ლაზათით სავსე მოლეკურე ქალებს.

ყველანი მხიარულად თამაშობდნენ, მაცდურად გაუხტ-გამოუხტებოდნენ ყმაწვილ ბიჭებს, რომელსამე „შავ ბიჭს“ ეშმაკურად ჩაუკრენტდნენ თვალსა და ესეც, აღგზნებული რაღაცა ძალით, წახალისებული გაეკიდებოდა ხან წყნარად დამშვიდებულს წყალსავით მიმდინარს და ხან მთის მდინარესავით გაცოფებულს და გაშმაგებულს ქალსა.

აგერ მირბის, დამკრთალს არჩვსავით, მოხევის შავთვალა ქალი, იმისი სახე სრულს შიშს გამოსთქვამს, რადგანაც არწივსავით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი ქმნილება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა, აი წუთიც და გულში ჩაიკრავს შეშინებულს, ქედანსავით აკანკალებულს ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად გატრიალებული ქალი ხელიდგან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხებს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის და ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბლავის ღიმილით და მოჟუჟუნე თვალებით, რომელნიც იმას იწვევენ, იპატიჟებენ და თითქოს ეუბნებიან: „დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!“

ონისე და გუგუა, რომელთაც დღეს დარბაისლობა უნდა გამოეჩინათ, ისხდნენ გაუნძრევლად, თუმცა გული და სული გამხიარულებულ ყმაწვილებთან ჰქონდათ და ჩუმჩუმად გასცქეროდნენ იმ მხარეს, საიდგანაც ლხინის და თამაშობის ხმა მოდიოდა. გუგუა იწოდა სურვილით, რომ თავის სანატრელის ძიძიასთვის თვალი შაეკრა და ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა.

არ გაუვლია რამდენსამე წუთს, როდესაც ხალხი გაიპო და მათ შორის გამოჩნდა ვიღაცა მოხუცებული დიაცი. ყველანი ზეზე წამოდგნენ და მიესალმნენ მოხუცს, რომელიც პირდაპირ „ხელის მომკიდესთან“ მივიდა, ჩაიკრა გულში და უთხრა:

- აბა, ჩემო ყველავ, ჩემ ქალა-შავას შენ გაბარებ… შენ უნდა მოუარო, შენ უპატრონო, იმის გამჯავრებელი შენ უნდა გააჯავრო!

- ღმერთს არ მოეტყუების, ხაზუავ, რომ, რაიც ხელიდგან გამამივა, თავს არ შევიშურებ, – უპასუხა ყმაწვილმა კაცმა და დაუმატა არა სახუმრო კილოთი: – ვინც მაგას აწყენინებს, იმას ჩემთან ექნების საქმე და, ღთის მადლმა, ჩემთან მასხარობას კი არც-ვის არ ვურჩევ.

- გუგუაი ბალღია, – დაუმატა მოხუცმა, – და სოფელი კი ჭრელი… კაცის ენას რაი არ შეუძლიან, დაარიგოდე ეს ბალღი, ცხოთა ენას ნუ მიჰყვების, ქვეყანაზედ მტერი არ დაილევის და იმათ სიტყვას რომ მიჰყვეს, ე მაგ ქალა-შავას ჩამომიდნობს, დამილევს…

- რაისთვი, რაისთვი ამბობ მაგას ხაზუაისი! – გააწყვეტინა ონისემ: – გუგუაი, მართალია, ბალღია, მაგრამ არაა ლოთი და ავარდნილი კაცი… ამხანაგებს თავის მარჯვენა თოლსავით უყვარსთ, ყველა თავს დასდებს მაგისთვი, ამიტომ რომ თავად გუგუაც ეგეთია მეზობლისთვი… გუგუაი ვაჟკაცია და, ღთის მადლმა, ჯალაბობაშიაც თავს არ შეირცხვენს.

- შენს პირს შაქარი, ჩემო ყველავ, შენს პირს შაქარი! – უპასუხა მოხუცმა და დაუმატა, – ნუ დამძრახავ, ონისეისი!.. ცას შევაბერდი, ადამის ჟამისა შევიქენ და მაგ ერთაი ქალაის მეტი არა გამაჩნია-რა… მაგაზედ ამომდის მზე და მთორე, მაგაზედ-ღა ვიბრუნებ სულსა.

- კარგი-ღა, ხაზუაისი, სტუმარი ნუღარ შეაწუხე, – დასძახა ვიღაც მოხუცებულმა კაცმა და დაუმატა: – წაიყვანე და პატარძალი ჩააბარე.

- აგრე, აგრე, შენაი ჭირაიმე… იარე, ონისე! – მოხუცი დედაკაცი გაუძღვა ონისეს და გუგუამ კი შურით ავსებული თვალები გაადევნა, რადგანაც იქ უნდა დარჩენილიყო და ძიძიას ხილვამდის კიდევ რამდენსამე საათს უნდა გამოევლო.

III

დაბნელებულს სენაში, რომელსაც ოდნავ ანათებდა მბჟუტავი კვარი, კასრებსა და ქილებს შუა იჯდა პატარძალი ძიძია თავის რამდენიმე ამორჩეულის მეგობრებით, რომელნიც მის გართობას ცდილობდნენ.

ძიძია იყო თექვსმეტის წლისა, მაშასადამე, ასაკში მოსული ქალი, სრულიად გაშლილი და გადაფურჩქნული, სიტყვით, იმ ხანში, როდესაც ძარღვებში აღელვებული სისხლი ქაფდება, სდუღს და ჩუხჩუხით მომდინარეობს, როდესაც გული მიილტვის რაღაცა ჯერედ უცნობის ბედნიერებისაკენ და თრთოლით შესთამაშებს ყვავილებს და ბუნებას, სიცოცხლე ედემად ეშლება, ცხოვრება სიამოვნების ნექტარს ექადის. ის იყო ტანადი, ლამაზი, მშვენიერის დაკოკრებულის ლამაზის თხელის ტუჩებით, რომელნიც თითქოს საკოცნელად მომზადებულიყვნენ. თეთრ-ყირმიზს, ატლასის მსგავს სახეზედ დასთამაშებდა მხურვალების ნიშანი ელფერი, რომელიც თავის დღეში გატყაპულს სიწითლედ არ გადადიოდა; მოჟუჟუნე, ლურჯი ცისფერი თვალები მაცდურად უკამკამებდა და გულის გამგმირავს ისართ ისროდა; შავი გრძელი წამწამები გარს მცველებად მოსდგომოდა და წვრილი, ხავერდისებრივი წარბები გრძლად გადასჭიმოდა; სქელი შავი თმა ორს ნაწნავად თეთრ ბროლივით ყელს სუროსავით შემოჰხვეოდა, – სიტყვით, ძიძია ნახატი მშვენიერება იყო და მისი მნახველი ვერ გასძლებდა, არ ეთქვა: „ცხონდეს შენი მშობელიო“.

ძიძიას შეტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, მისი ბედ-იღბალი გუგუა იყო და მას დარჩა.

რაკი გუგუამ თავისად დაასახელა ძიძია, რაკი ქალმაც პირობა მისცა, იმას ისე ადვილად ვეღარავინ გაუბედავდა რასმე, რადგანაც ამგვარს შემთხვევაში გუგუას ხუმრობა არ უყვარდა და მალე დააბნელებდა იმის მზეს, ვინც წინ გადადგომას მოიწადინებდა.

თუმცა ძიძია თხოვდებოდა თავისის სურვილით, თუმცა მოსწონდა თავისი გუგუა და არა ერთი ღამე გაეთენებინა მასთან ჩქარა შაერთებაზედ ფიქრით, არა ერთხელ მოზმანებოდა მისი ლომებრივი, ვაჟკაცის სახე, მაგრამ დღეს, როდესაც ის უნდა გამოსალმებოდა თავის სახლს, მეგობრებს, ჩვეულებას, როდესაც ქალობიდგან დედაკაცობაში პირველი ნაბიჯი უნდა შაედგა, გული როგორღაც აუკანკალდა და წარსული შენანდა. ამ წარსულს ის კარგად იცნობდა, კარგად ჰქონდა იგი შეთვისებული; ის იყო ყოველთვის და ყველასგან განებივრებული, ყველას უყვარდა, ყველა უალერსებდა და, ვინ იცის, მომავალიც ამასვე მისცემდა?

ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას და ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის. ამ მდგომარეობას მოეპარა მისთვის ფერი, ნაზად გაეცრიცა და ამ ფერს კიდევ უფრო მეტად დაემშვენებინა მისი ანგელოზებრივი სახე.

მეგობრები ანუგეშებდნენ, ეხუმრებოდნენ, როდესაც მოისმა ხმა:

- „ხელისმომკიდე“ მოდის, „ხელისმომკიდე!“ – და ყველანი ზეზედ წამოცვივდნენ. ძიძიამ იგრძნო, რომ თითქოს მას გულში რაღამაც უჩხვლიტა. მთელს სხეულში გაურბინა რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ და ფეხზედ წამოდგომით საჩქაროდ ჩამოიფარა პირბადე.

ოთახში შემოვიდნენ ხაზუა, ვიღაცა მოხუცებული კაცი, ონისე და ყმაწვილი ქალები, რომელნიც შემოეხვივნენ ძიძიას. დაიწყეს გამოსასალმებელი სიმღერა, სადაც საგრძნობელის სიტყვებით ყმაწვილს ქალს თავის წარსულთან და მეგობრებთან ასალმებდნენ და ტირილით და კოცნით თითონაც ესალმებოდნენ.

ბოლოს, შესწყდა სიმღერა, მოხუცმა კაცმა აანთო წმინდა სანთელი, წყნარად გადაიწერა პირჯვარი, მივიდა ქალთან, გამოართვა ხელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზები დ მიუბრუნდა ონისეს:

- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი… დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად. – ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთრთოლვარე და გახურებული ხელი.

ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.

- აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, როგორც დღეის ამას იქით მოუვლი და უპატრონებ… თქვენს სოფელში შენს მეტი პატრონი არავინ ეყოლების, შენ უნდა გაუწიო ძმობა.

- აბა, ღმერთს არ მოეტყუების, რომ თავს დავდებ მაგისთვის.

მოხუცი მივიდა, წყნარად ასწია პირბადე სწორედ იმ დროს, როდესაც ონისე ამბობდა:

- ეგ და – მე ძმა…

მაგრამ სიტყვა ნახევარზედ გაუწყდა, მთლად გათრთოლდა და მთვრალსავით წაბარბაცდა მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- რაი მოგივიდა? – მიეშველა მოხუცი.

- არც-რა, არც-რა, დამცხა, თავს ბრუ რასმე დამეხვა, – ძლივსღა წარმოსთქვა ონისემ.

- ბევრი თუ არა სვი?.. მაიტა-ღა წყალი, – მიუბრუნდა მოხუცი იქ მყოფებს.

- არ მინდა, შენაი ჭირაიმე, – უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.

ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:

- იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები! – ამ სიტყვებზედ ქალის ხელი კიდევ ერთხელ შეჰკრთა, კიდევ წყნარად გაჟრჟოლდა, ერთი შეჰხედა და მაშინვე თავი დაჰხარა. წყნარმა, მაგრამ ძლიერმა ოხვრამ ონისეს სიტყვა გაუწყვიტა პირში და გული მოუსვენრად გაუფართხალა.

IV

ონისემ იგრძნო, რომ მას ზღვასავით მოაწვა აღელვებული სისხლი, რომელიც ჩუხჩუხით ხან გულისკენ გაქანდებოდა და აატოკებდა, როგორც ზღვის ზვირთები უიალქნო ნავს, ხან თავს ეძგერებოდა და ნისლსავით ეხვეოდა, უბნელებდა თვალებს და გონებას.

ყმაწვილი ბიჭი ჯავრობდა თავის თავზედ, ჯავრობდა, რომ აღძრული გრძნობა ვეღარ შეემაგრებინა, ავარდნილი გული ვეღარ შეეყენებინა, ცდილობდა ქალისთვის დასამშვიდებელი სიტყვა რამ ეთქვა, მაგრამ პირგამშრალი, თითქოს ყელში რაღაცა გახირებიაო, ენას ვეღარ იბრუნებდა. იმან საუკეთესოდ დაინახა, მალე მოშორებოდა იმ საფრთხეს, სადაც მისი არსება ასე სწრაფად იქმნა დამორჩილებული, გული ასე მოულოდნელად გაქელილი.

ონისე გამოეთხოვა ქალსა და გავიდა სამყოფო სახლში, სადაც დანარჩენი სტუმრები მხიარულობდნენ: ყმაწვილი ბიჭები ერთმანეთს ებაასებოდნენ და მოხუცი ხალხი კი საქართველოს მომავალს მდგომარეობაზედ ლაპარაკობდა.

ჩქარა მოიტანეს „სიფროები“, გაავსეს „ფუნთუშებით“ და მოვლილის ჭედილების მსუქანი ხორცით.

რადგანაც ეს ამბავი ზამთარში ხდებოდა და იმ ღამეს კი თოვლი მოდიოდა, ამისთვის ყველანი ჩქარობდნენ, რომ პურის ჭამა მალე გაეთავებინათ და შინ დაბრუნებულიყვნენ, რათა ჩამოსულს ზვავებს სადმე გზა არ შაეკრა და ახალ ჯვარდაწერილები გარეთ ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ.

საყველაწმინდო თასმაც ჩამოიარა; გვარის უფროსმა, სუფრის თავს „მარტოშკამზედ“ მჯდომარემ, აანთო წმინდა სანთელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზნი და მექორწილენი ღმერთს შეავედრა. მერე მიუბრუნდა ონისეს და რამდენიმე სიტყვით მოაგონა „ხელისმომკიდის“ მოვალეობა ქალისადმი და მოითხოვა მზითვის ყუთი, რომელიც ჩააბარა მაყრებს.

არ გაიარა წუთმა და ხელისმომკიდე ხელახლად წაიყვანეს სენაში, სადაც პატარძალი უნდა ჩაებარებინათ.

ონისეს ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის და გაბრუებული, რაღაცა უცნაურს მდგომარეობაში მყოფი, სრულიად დაფანტული აღსრულებდა, რასაც კი ეუბნებოდნენ.

ის შეიყვანეს, მისცეს ქალის ხელი ხელში და მოისმა ისევ ჯვარული. ხელისმომკიდემ და ქალმა გამოსწიეს სამყოფო სახლისკენ, სადაც სიძე იყო, ამ სიმღერის ხმაზედ, რომელიც ონისეს დასაფლავების გალობის ხმად ეჩვენებოდა. იმათ გამოსვლაზედ გუგუა მთლად აინთო, ნაღვერდლად გაუბრწყინდა თვალები, შეკავებულმა სიამოვნების ღიმილმა შეუთამაშა ტუჩები და მორცხვობამ თავი დაახრევინა.

ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივილისაგან კინაღამ შეჰყვირა. ონისე გაუძღვა წინა და მას მიჰყვა მეფე-დედოფალი, სადაც საქმროს მარხილამდე უნდა მიეცილებინა, და იქ კი პატარძალზედ ზრუნვა ისევ ხელისმომკიდესათვის უნდა მიენდო. პირველ მარხილში ჩასხდნენ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ხელისმომკიდე და პატარძალი. მეფე ცხენით უნდა წამოსულიყო, რადგანაც ქალს ჯვარისწერამდის ვერ მიეკარებოდა. მეორე მარხილზედ დაუწყეს მზითევი და ამ სახით, მაყრების სიმღერით, თოფის სროლით და ყიჟინით გამოსწიეს შინისკენ.

V

ღამე იყო ცივი და ნისლიანი, თუმცა თოვლის გამო საკმაოდ განათებული. ხანგამოშვებით ქვენა ქარი ზუზუნით უბერავდა და წვრილი, მაგრამ ხვრიში თოვლი მიმავლებს პირისახეს უწკეპლავდა.

პატარა ბიჭი, მთლად ტყავში, ნაბადში და ყაბალახში გახვეული, ცხენს მიერეკებოდა, რადგანაც თოვლს გზა ჩაეჩუმქრა და ცხენს სიარული უძნელდებოდა და გასავლელი გზა კი ჯერ ბევრი ჰქონდათ.

მაყრიონი, გახურებული ჯირითობით და წარსულის ქეიფით, მარხილს კარგად დაჰშორებოდა და ხან ცხენების ერთმანეთზედ მიგდებით, ხან ერთისაგან მეორის ქუდის გატაცებით და გადაგდებით, მესამისაგან კიდევ გაჭენებულის ცხენიდგან გადაზნექით და ისე აღებით კიდეცა თბებოდნენ და დროსაც ატარებდნენ.

ონისე იჯდა მარხილზედ, გადაეგდო თავიდგან ყაბალახი, გადაეწია ქუდი და გახურებული შუბლი და სახე გამყინავის ქარისთვის მიეშვირა.

წმინდა ჰაერმა, თუ ხანის გამოვლამ იმას თითქოს მოაზრების საშუალება მისცა და მხოლოდ ეხლა დააკვირდა თავის მდგომარეობას. მხოლოდ ეხლა იგრძნო პირველად გაღვიძებულის გრძნობის სიტკბოება და მასთან ის მტანჯავი მდგომარეობა, რომელიც ვალად სდებდა გვერდით მყოფს სატრფოს სრულიად სხვა გვარად მოჰქცეოდა.

იმას მიექცია პირი ქარისა და თოვლისაკენ, რომელთაც აღარაფერი უშლიდა და სხაპა-სხუპით სცემდა პირისახეში; ის მათგან მოელოდა რაოდენადმე შეღავათსა და დამშვიდებას.

იმას ეგონა, რომ შუბლის გაგრილებისთანავე სისხლიც დაუმშვიდდებოდა და ავარდნილი გული თავისავე დონეში ჩავარდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრი ატყუებდა და დაღონებული ხედავდა, რომ მის გულში აღმოუფხვრელად ჩასახულიყო ძიძიას სახე და წყნარად, ფრთხილად და სიამოვნებით არხევდა; არხევდა იმ სიფრთხილით და მზრუნველობით, როგორც მშობელი თავის პირმშოს, როგორც ყაჭის პარკს ნაზი ნიავი, რომელსაც ძვირფასის ქმნილების აღორძინება ბუნებისგანვე ჰქონდა მინდობილი.

ონისემ სიტყვა მისცა თავის თავს, რომ ქალისკენ არ მოეხედნა, არ დალაპარაკებოდა მას, რადგანაც იცოდა, რა საშიში განსაცდელი იყო მისთვის ამგვარი საქციელი.

იმას არამც თუ მიხედვისა და დალაპარაკებისა ეშინოდა, არამედ განძრევას, მომეტებულს ამოქშენასაც კი ვერა ჰბედავდა, რათა რომელიმე მოულოდნელობით არ შეეწყვიტა ის ხასიათი, რომელზედაც თავშეკავება ეკიდება.

ძიძიაც იჯდა გაჩუმებული, თავდახრილი და ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იმის გულში რა მოძრაობდა, მისი აზრები რაგვარს ტალღებს ააგორებდა, საითკენ და რა ძალით მიაქროლებდა, ან რომელს საგანს ჩასცივებოდა. რა სურათი წარმოსდგომოდა თვალწინ და გაწამებული ზედ დაჰკდომოდა.

მაყურებლისათვის მისი გული ამ წამში იყო ბნელი უფსკრული, სადაც კაცი ვერაფერს გაარჩევდა, საიდანაც ვერას ამოიკითხავდა, და მისი გულის მოძრაობის შეტყობის მსურველი პასუხისმიუცემლად, იმედგადაწყვეტილი უკანვე უნდა დაბრუნებულიყო.

ძიძია იჯდა გამოქარგულს თხელს ახალუხში და ზეიდგან წამოგდებული ჰქონდა შალი, რომელიც ავდრისა და ქარისაგან საკმაოდ ვერ იფარავდა. ის თანდათან თოშდებოდა, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა, თუმცა სიცივე ძვალსა და რბილში გასჯდომოდა და მეტად აწუხებდა.

იმის „ხელისმომკიდეს“ ეს შემთხვევა თავში არც კი მოჰსვლია, იქამდის გართულრყო თავის საკუთარის მდგომარეობით. იმას ცოტა ფიქრი არ უნდოდა, რადგანაც ნათესავობამ სათემოდ ძიძიას მომავალი მის სინიდისს და მზრუნველობას ჩააბარა. ამ ქალის სახელი და პატივი, ქმრის წინაშე დაცვაც კი მისი მოვალეობა გამხდარიყო, ხოლო მთიელთ შეხედულობით, „ანაბარი მგელმაც კი იცის“. და ამ დროს, როდესაც თითონ მას შესდგომოდა მაცდურად გრძნობა, ჩასვლოდა სულის საძირკვლამდის და ძვალსა და ტვინს უწოვდა, შეუბრალებლად უღრღნიდა, ონისეს ამისთანა ძნელად შესასრულებელს მოვალეობასა სდებდნენ.

ქარმა, ავდარმა და სიცივემ თავისი იმოქმედეს: ქალმა ვეღარ გასძლო და გაჟრჟოლებულს ცახცახი დააწყებინა. მის პირველსავე მოძრაობაზედ ონისე გველის ნაკბენსავით შეჰკრთა და თავისავე უნებურად კისერი ქალისკენ მიეღრიჯა. იმან დაინახა თხელს ტანისამოსში ქალი და გული მოუკვდა. ძიძია, იმის ღმერთაი, სალოცავი, სიწმინდე ამ გაჭირვებაში იყო და იმას არც კი მოჰგონებოდა იმაზედ ზრუნვა!

ერთი თავის მიბრუნება, ერთი შეხედვა, ოდნათი მიკარება საკმარისი იყო, რომ თოფის წამალსავით ეფეთქა და მთელს სხეულს ცეცხლი მოსდებიყო.

- ქალაუ, მოგიკვდა ჩემი თავი!.. მთლად გათოშილხარ და მე კი არც კი მომაგონდი!.. – წარმოსთქვა ონისემ და ხმა ისე აუკანკალდა, რომ მღელვარება დაეტყო.

- არა მიშავს-რა, შენაი ჭირაიმე – წარმოსთქვა ქალმა ნაზის და, ვინ იცის, რა მიზეზის გამო ცრემლმორეულის ხმით.

- ბეჩაუ, არა მიშავს-რა რაია?.. შენ რომ ავად გახდე, მე რაიღა მეშველების? – ამ სიტყვებით ონისემ აიწია ნაბადის კალთა, წამოახურა ძიძიას, რომელსაც სველი შალი მოხსნა და იქვე მარხილში ჩააგდო. მერმე მაგრა მოიჭუჭკა ნაბადი და ნაზს წელზედ ხელმოხვეული ქალი მკერდზედ მიიკრა. ამ ქალის მიკარებასთან ერთად ონისეს გული მეტისმეტად გათრთოლდა, შეიკუმშა და შესდგა, გათრთოლდა კიდევ, კიდევ და ერთბაშად აძაგძაგებულმა გზა მისცა გამოქანებულ ადუღებულ სისხლს, რომელიც მწვავედ და სანეტარო აღმაშფოთებლად მთელს სხეულში დაიმქრა, რომელმაც სხეულის ყოველს ძარღვში დაჰკრა. ძიძიაც გაჩუმებული, გაწამებული და გაყუჩებული, თითქოს ამ კაცის მდგომარეობას შაეშინებინა, დაემონებინა, თუ გაეგებინებინა მისი გაჭირება, არ ეწინააღმდეგებოდა ონისესა. ამ კაცს დაეკარგნა მოაზრება, დაჰვიწყებოდა თავისი თავი, თავის მოვალეობა და თანდათან უფრო და უფრო ჰხვევდა ხელს, უფრო და უფრო იკრავდა გულში და ყოველ მოძრაობაზედ გონებასა ჰკარგავდა.

ის შაეპყრო მხოლოდ ერთს გრძნობას, რომელიც ტკბილად ჩასჩურჩულებდა, რომ ის ბედნიერია, რომ ამ ბედნიერებას ქვეყანაზედ არა შეედრება-რა. რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზედ საფიქრებლად. ონისეს თავი წყნარ-წყნარად იხრებოდა, და უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, რომელსაც ძალზედ სწვავდა კაცის გახურებული ქშენა. ის თანდათან უახლოვდებოდა და ჩასჩურჩულებდა წარმოუდგენელის სიტკბოებით, იმ სიტკბოებით, რომლითაც მართლა წრფელის გულით შეყვარებულს შეუძლიან, როგორც შეყვარებულს კაცს, რომელსაც მრავალსიტყვიერება გადაჰვიწყებია.

- გცივა, კიდევა გცივა… ჩემო ყველავ!.. – მოკლედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა ონისე, მაგრამ ამ ორიოდ სიტყვაში ხმას იმდენი მიხრა-მოხრა ჰქონდა, ისეთის ჰარმონიით იმკობოდა, რომ აშკარად შენიშნავდით აღგზნებულს საკირეს, მის გულში ანთებულს, გამხეცებულს სიყვარულს, მის მბრძანებლად გამხდარს.

ძიძია, კურდღელსავით განაბული, კაცს მიჰკრობოდა მკერდზედ და მისი ნორჩი გული შიშგარეულის სიხარულის ფართხალით უპასუხებდა ქალის მდგომარეობას. აქამდისა ჰფარავდა თავშეკავება, ამ წუთებამდის ძალა კიდევ შესწევდა გრძნობა დაეფარა. მაგრამ ეხლა, როდესაც ონისეს თავი თანდათან იხრებოდა, როდესაც იმის სახე თანდათან უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, უკანასკნელი ჰგრძნობდა კაცის გახურებულს ქშენას, ძიძიას გაუწყდა ხასიათზედ ჩამოკიდებული მოთმინება, თვითონაც მოუთმენლად ამოიქშინა და მადლიერი თვალები მისკენ მიაქცია.

შეპყრობილთ ერთის გრძნობით, აღგზნებულთ ერთ რიგის წადილით, რაღაცა უხილავი ძალა ერთმანეთისკენ იზიდავდა. წუთიც და სიტკბოებით დამთვრალთ-დაბნედილთ ტუჩები მათსავე გაუგებრად ერთმანეთს ჩაეწებნენ.

VI

ვინ იცის, შეყვარებულთ ალერსი სანამდის გაგრძელდებოდა, თუ ერთს მოულოდნელს შემთხვევას არ დაეშალა. ერთს მაყარს მეტად შესცივნოდა და მოეწადინა არაყით გათბობა, ამისათვის შეეყენებინა ცხენი და მარხილს ელოდა, რომელშიაც ტიკჭორები ეწყო.

როდესაც მარხილი გაუსწორდა, დაინახა, რომ ონისეს, რომელიც თითქოს სიცივეს მოჰფარებოდა, თავი ნაბადში ჩაეყო. ამგვარი საქციელი მთის კაცს არ მოეწონა, რადგანაც მამაკაცს სიმხდალე დედაკაცისთვის არ უნდა ეჩვენებინა: ეს, მთიელთ შეხედულობით, სირცხვილიც იყო და დამამცირებელიც, და ამხანაგის საქციელი კი დანარჩენების სახელსაც იმდენად შეეხებოდა, რამდენადაც თითონ მომქმედს.

ამისთვის მაყარმა გადუქნია ონისეს მათრახი და თუმცა შეხუმრებით, მაგრამ საგრძნობლად უთხრა:

- რას სჩადი, გუგრიანო, თუ არ გაიყინე?

ონისე შეჰკრთა და გაჟრჟოლდა. იმან წამოიხედა და ჯერედ კიდევ წარსულის წუთებით დაფანტულს თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა. პირველში ისა გრძნობდა მხოლოდ, რომ მას დაურღვიეს სიტკბოება, დაუშალეს წუთის ბედნიერება. მაგრამ რადა, ვინა? ამაში ანგარიში ვერ მიეცა.

მაგრამ ამგვარს მდგომარეობაში მხოლოდ ერთს წუთს იყო. ონისე ჩქარა გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყალებელი ჭეშმარიტება, რომელიც უსპობდა არამც თუ ამ წუთის სიამოვნებას, არამედ მომავალს მოსვენებაზედაც კი იმედს აკარგვინებდა, და ცივი ოფლი დაასხა. წუთის წინ ის იყო შეპყრობილი მხოლოდ ერთის გრძნობით: მას უყვარდა ანგარიშმიუცემლად, ხარკს აძლევდა ამ ძალას; მაშინ ყველაფერი გადაჰვიწყებოდა, ყველაფერი: ხალხიც, მათი მოვალეობაც, დებულებაც, თვით მოაზრებაც და მარტო მთრთოლვარე გულის ფართხალს მისცემოდა, მით უფრო სასიამოვნოს, რომ ამითვე პასუხს აძლევდნენ; – ეხლა კი ის იყო კაცი, რომელიც სჯიდა, ანგარიშს აძლევდა თავის მოქმედებაში და სწონავდა თავის მდგომარეობას.

ონისემ აშკარად დაინახა შეცდომა, აშკარად იგრძნო თავის წადილის აღსრულების შეუძლებლობა და სინანულის ნაპერწკალმა მწვავედ გაჰკრა გონებაში: – „მაშ ტყუილად თრთოდა მისი გული სანეტარო მომავლის მოლოდინით?.. მაშ ტყუილად ენთებოდა და მოუსვენრად ტოკავდა მისი გული? ამაოდ სტყუვდებოდა და ამ გრძნობითვე აღელვებულს ძიძიასაც ტყუილად იწვევდა საალერსოდ?“ ეს კითხვები სწრაფად ებადებოდნენ თავში, სწრაფადვე სცვლიდნენ ერთმანეთს და ერთს გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, ერთი პასუხი შეეფეთებოდა და ყურში მწარედ თითქოს ვიღაცა ჩასწივლებდა: „ტყუილად იკლავ თავს“.

- ბიჭაუ, რაი მოგსვლია, დამთვრალი თუ არა ხარ? – გასწყვიტა სიჩუმე მაყარმა, რომელსაც ონისე გაშტერებით შეჰყურებდა.

- ჰაი, რაი? – წარმოსთქვა ონისემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაჰშორებოდა გულში და გონებაში ჩაჭედილს გრძნობას.

- ავად თუ არა ხარ? რას სჩადი?

- არ ვიცი, ღვთის მადლმა!.. ისე უგუნებოდ რასმე შევიქენ.

მაყარი მიუახლოვდა მარხილს, გადაიზნიქა ცხენიდან და პირდაპირ პირისახეში შეჰხედა ონისეს, რომელმაც თავი იქით მიიბრუნა და გაბრაზებით წარმოსთქვა:

- რას მიყურებ, რაი გინდა ჩემგან?

- არც რაი, – გაიკვირვა მაყარმა და დაუმატა: – მინდოდა მენახა, სიცხე თუ არ გქონდა, გაწითლებული თუ არ იყავი?

- ღამეში რაი უნდა დაინახო, ღთის მადლსა? – იმავე კილოთი უთხრა ონისემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: – სიცხეცა მაქვს, თავიცა მტკივა და მიბრუვდება.

მაყარმა ისე შეჰხედა, თითქოს არ უჯერებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავშეკავებულმა ცხენს მკერდზედ მათრახი-ღა გადაჰკრა, ეტყობოდა მას გონებაში რაღაცა აზრმა გაურბინა, რადგანაც სიცივეც გადავიწყებოდა და არაყიც, რომლის დასალევადაც აქ მოვიდა.

კარგა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას ჩაჰბრუნებოდა, თავის საკუთარს აზრებს დაჰკვირვებოდა და რაღაცა უცნაურს დუმილში ჩავარდნილიყო.

ისინი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ჰაერში გაისმა მხიარული სიმღერის ხმა და მას მოჰყვა ლექსი:

გაუსვი და გამოუსვი,

ვითომ ჭიანურიაო;

მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ,

ისიც შინაურიაო.

ამ სიტყვებმა მწარედ გაკენწლეს ონისეს გული, რომელსაც სიმღერა თანდათან უახლოვდებოდა, რადგანაც წინ წასული მაყრები შემდგარიყვნენ და მარხილების მოლოდინში ლხინი დაეწყოთ.

გაიარა რამდენიმე წუთმა და გამოჩნდნენ ცხენოსნები, რომელთაც მარხილი მიუახლოვდა.

ყმაწვილი მაყრები ხუმრობდნენ ერთმანეთში, ეხუმრებოდნენ ონისესაც, მაგრამ იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც პირველად მოსულმა მაყარმა შეატყობინა, რომ ონისე ავად არის და იმათი ხუმრობისა არა სცხელა.

ამისთვის მაყრები დაშოშმინდნენ, მაგრამ მარხილს კი მაინც არა შორდებოდნენ.

მხიარულება ერთბაშად შესწყდა და მის მაგიერ რაღაცა ჭმუნვით სავსე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო; ხვრიში წვნიკი თოვლი განუწყვეტლად მოჰქროდა ქვენა ქარისაგან გამოტაცებული და მთლად ათეთრებდა ნაბდიან მგზავრებს.

ამგვარად მიდიოდნენ გაჩუმებული მაყრები, გულჩახურული და ჩაბნელებული ხელისმომკიდე და მიჰყვანდათ გამოუცდელი ქალი, რომლის გულსაც ნამდვილი სიყვარული პირველად ეგრძნო, მის სიტკბოება ნახევრად გამოეცადა და ის კი არ იცოდა, მისი მომავალი რას შეამთხვევდა.

რამდენიმე წუთი და ხშირს ნისლში გაიბჟუტა შუქმა და შენობების სურათები ბუნდად გამოჩნდა. კიდევ წუთიც და ყველამ შეამჩნია, რომ სოფელს მიახლოვებულან. მარტო ონისე იჯდა გაფითრებული, თავდაღუნული და მწარე ფიქრებისაგან წაღებული ვერაფერს ამჩნევდა.

მაყრებმა იგრძნეს, რომ მაყრიონის ასე ჩუმად მისვლა არ შეჰფეროდა არც იქაურს ჩვეულებას და არც იმათ სიყმაწვილკაცეს და ამიტომ დასჭყივლა ერთმა, გავარდა თოფი და მეორე გაქანდა მახარობლად. ყველა შეინძრა, აღელდა, სიცოცხლე გამოიჩინა. ჰაერში გაისმა სიმღერა და ყიჟინა, მიმავლებს სიცოცხლე დაეტყოთ.

გამოფხიზლდა ონისეც, მაგრამ ის სრულიად განშორებოდა დანარჩენებს, იმისმა გულმა სრულიად სხვა იგრძნო. იმან იცოდა, რომ სოფელში მისვლისთანავე ჰკარგავდა სატრფოს, რომლის გამოუცდელობაც და სირცხვილიც ხალხის ჩვეულების წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა და მასთან ერთად დაჰკარგავდა მოსვენებასაც…

VII

აგერ შევიდნენ სოფელში, მიუახლოვდნენ საყდარს, რომლის წინაც იდგა ვიღაც წარმოსადეგი მოხუცი, გათეთრებული როგორც თოვლი, და მხიარულად შეჰყურებდა მომავალთ. იმისი კეთილი სახის გამომეტყველება დახაზული იყო რაღაცა გვარის ხაზებით, რომელნიც პირველსავე შეხედვაზედ პატივისცემას გაგრძნობინებდათ და ჭკვიანი თვალები, გულკეთილობის გარეშე, ბრძანებლობით გამოიყურებოდნენ.

გათეთრებული, ლაზათიანის შეხედულებით, მბრძანებელის მიხვრა-მოხვრით და მედიდურის, მტკიცე სახის გამომეტყველებით ელოდა ხევის ბერი გოჩა, მმართველი მამა თავის ხალხისა, ახალგაზდებს. იმას პირველს უნდა დაელოცა მექორწილენი და მშობლიურის ლმობიერებით ესურვა მათი ბედნიერება. ონისემ შეჰხედა თავის მამას, რომლის წინაშეც მთელი ხეობა თავს იხრიდა და რომლის სიტყვაც გადაუბრუნებლად სრულდებოდა, და ფერმა მეტად გადაჰკრა, პირი მომეტებულად გაუშრა.

მარხილი შესდგა, მაგრამ ონისე იქამდის დაფანტულიყო, რომ გადმოსვლაც კი ვეღარ მოეხერხებინა, სანამ მამამ არ დასძახა:

- გადმოხე, რაღას ელი?

ყმაწვილი ბიჭი ჩამოხტა ანგარიშმიუცემლივ, დადგა იქავ და, მკვდარს დამსგავსებული, გაქვავებული შეჰყურებდა ხალხს, რომელიც იმის თვალში ბუზსავით ირეოდა.

პატარძალს მიეხვივნენ დედაკაცები, ჩამოსვეს და გოჩასთან მიიყვანეს, რომელმაც მოიხადა ქუდი, ახსენა ღმერთი და უთხრა:

- გაკურთხოს უფალმა. – ხელი გამოართვა და მაშინვე დაამატა: – ბეჩაუ, მთლად გაყინულხარ… მთლად კანკალებ.

ამ სიტყვებთან ერთად იმან მიაშველა მეორე ხელიც და ქალის ნაზს ხელებს ისე დაუწყო სრესა, თითქოს მათი გათბობა უნდოდა. მერე მოაშორა ერთი ხელი, გაუშვირა იქავ მდგომს გუგუას და საცოლეს ხელი ხელში ჩაუდო.

- უფალმა შეგაერთათ, კაციმც ნუ გაგაშორებსთ! – მტკიცედ წარმოსთქვა მოხუცმა.

ამ სიტყვებზედ ქალი თითქოს უმეტესად გაჟრჟოლდა და ქშენას მოუმატა, ონისე კი წატორტმანდა, მაგრამ იქავ მყოფმა ვიღაცა კაცმა დაიჭირა. ხალხმა დაიძახა „ჯვარული“ და მეფე-დედოფალი საყდარში შევიდნენ, სადაც შემოსილი მღვდელი ელოდათ და გოჩა კი შვილს მიუბრუნდა.

- რაი მოგსვლია? – ჰკითხა იმან და გამომცდელის თვალით დაუწყო ყურება.

- არც რა, – მოკლედ უპასუხა ონისემ და თავი დაღუნა, რადგანაც მამის ცქერისათვის ვერ გაეძლო.

- რაღა არც რა, რომ ადამიანის ფერი აღარ გაძევს და ფეხზედაც ძლივს-ღა სდგეხარ?

- უგუნებოდ რასმე შევიქენ.

- უგუნებოდ? – გააგრძელა მამამ და კიდევ დააკვირდა: – მაშ ქორწილში რაი გინდა? შინ წადი და დაწექ… ხელისმომკიდე სხვა იქნება ვინმე.

ამ ლაპარაკში ჩამოერივნენ გუგუას ნათესაობა, დაუწყეს ონისეს ხვეწნა, რომ ამისთანა დროს თავი არ დაენებებინა და თვისი მეგობარი გუგუა მარტოკა არ დაეგდო, მაგრამ ონისეს გაუხარდა, რომ მისთვის მეტად სატანჯავს სურათს მოჰშორდებოდა და თავის უბედურებას თვალით მაინც აღარ უყურებდა. გაბრუნდა და ლასლასით გასწია თავიანთ სახლისკენ, სადაც ბნელა „საწოლში“ პირქვე დაეგდო.

გოჩა კი შევიდა და ჯვარისწერასთან ერთად უყურებდა პირბადე ჩამოფარებულს ქალს, რომელსაც წამდაუწუმ აჟრჟოლებდა და ხანგამოშვებით ქშენას ძალზედ უმატებდა.

რამდენიმე კაცი, რომელიც გოჩასთან იდგნენ, მიუბრუნდნენ მოხუცს და გულმტკივნეულად ეუბნებოდნენ:

- ბეჩავი, როგორ შესცივნია!..

მაგრამ გოჩა, პასუხის მაგივრად, შუბლზედ ხელს გადაისვამდა და ისეც შეჭმუხვნილს წარბებს მეტად შეიჭმუხვნიდა.

ჯვარისწერა ჩვეულებისამებრ მიდიოდა: ონისეს მაგივრად „ხელისმომკიდედ“ სხვა ვიღაცა ყმაწვილი ბიჭი გამოიყვანეს. ყველაფერი მომზადდა. მღვდელი მივიდა ჯერ კაცთან და ჰკითხა: სურვილით ირთავს ამ ქალსა და ჰსურს ჯვარისწერა, თუ არა? კაცმა გაიღიმა, შერცხვა და თავის დაქნევით თანხმობა გამოაცხადა. მერმე ამავე კითხვით მიუბრუნდა ქალსა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანი მარტო სუნთქვაზედ და მხრების მოძრაობაზედ ეტყობოდა.

ქალმა პასუხის მაგივრად მარტო თავი დაღუნა და მის მაგივრად სხვა დედაკაცებმა, ყოველთვის სხვის მაგიერ მოპასუხეთ, – ყაყანი დაიწყეს.

- ჰაი, ჰაი, რო სურს!.. რაიღა კითხვა უნდა?.. თუ არ სდომოდა, აქ რაღად მოვიდოდა?.. ართმევდნენ ერთმანეთს სიტყვას, მაგრამ ძიძია კი ჩუმად იყო.

- მაშ შენის ნებით იწერ ჯვარსა? – განიმეორა მღვდელმა.

- თავის ნებით იწერს, ჩემო ყველაო, თორემ მოძალადე ვინა ჰყავს! – მოისმა ისევ დედაკაცებისაგან და დაკმაყოფილებული მღვდელი შეუდგა მეშვიდე საიდუმლოს აღსრულებას.

VIII

ჯვარისწერამ გაიარა ჩვეულებრივის მხიარულებით: მოგროვილი ხალხი, მაყრები და მეტადრე დედაკაცები არ ისვენებდნენ და ყოველთვის საჩურჩულო მასალას პოულობდნენ და, ერთხელ მომზადებულნი სამხიარულოდ, შემთხვევას არ გაუშვებდნენ, რომ არ გაეხარხარათ, თუნდა სასაცილო არა მომხდარიყო-რა.

მარტო პატარძალი იდგა ქვასავით დამუნჯებული და გოჩა, რომლის სახეც რაღაცა დამყარებულის, პატივსაცემის სხივით ბრწყინავდა. იმას აშკარად ეტყობოდა, რომ გულწრფელის რწმუნებით იყო გატაცებული და მთლად მისცემოდა თავის გრძნობას და უზენაესს გულწრფელად ევედრებოდა.

გოჩა იყო მშობელი მამა თავის ხალხისა და, მაშასადამე, იმისთანა ამაღლებულს შესამჩნევ შემთხვევის დროს, როგორიც ქორწინება არის, თავის შვილებისთვის რომ არ ელოცნა, არ იქნებოდა. ამასთანავე მას სწამდა, რომ ხალხისაგან ამორჩეული, ღმერთისაგანაც ამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგანაც, აღზრდილს ხალხის ჩვეულებათა შორის, ანდაზად გარდაქცეული რწმუნებაც, „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, სისხლსა და ხორცში გასჯდომოდა. გოჩა დარწმუნებული იყო, რომ მისს გულწრფელს ვედრებას უზენაესი შეისმენდა და, რწმუნებით დაიმედებული, იმ კაცის სახე, გულმხურვალე ლოცვის დროს, რაღაც ძლევამოსილს, ხალხის დამმორჩილებელს სურათს წარმოადგენდა.

ასეთი იყო მოხუცებული გოჩას სახე, რომლისთვისაც განუწყვეტლივ ზრუნვას, ფიქრს, გამოცდილებას და გონებრივ მუშაობას უფრო უმეტესის პატიოსნების, ჭკუის და ადამიანობის ბეჭედი დაესვა. ეს სახე ხანდისხან იცვლებოდა იმის კვალობაზედ. თუ მისი აზრები და გონების მიმდინარეობა რა საგანს შეეხებოდა და ამგვარადვე ეცვლებოდა ფერი პირისახეზედ.

ხანდისხან რაღაცა მჭმუნვარება შეუხრიდა წარბებს, შეუკრავდა შუბლს, მაგრამ ეს იყო ერთს წუთს მზეზედ გადაფარებული ღრუბელი, რომელსაც მხოლოდ წუთით შეეძლო მოჩრდილება, – მლოცველის თვალები, ცისკენ მიპყრობილნი, ისევ ძლევამოსილის, გამარჯვებულის შუქით აინთებოდნენ.

გოჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მისი მრავალგვარად გამოცდილი გული რაღაცა უბედურების მოახლოვებასა ჰგრძნობდა, მისი გამოცდილის თვალებისთვის შვილის ერთი დანახვა კმაროდა, რომ მის საქციელში, ავადმყოფობის მაგიერ, სხვა მიზეზი დაენახა, მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, საიდანა ჰქროდა ნიავი, რომელიც მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, – მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.

გათავდა ჯვარისწერა, მეფე-დედოფალი წაიყვანეს სახლში, შემოატარეს კერას და გააშორეს, რათა დედოფლისთვის ქალებში მისვლით რაოდენიმე თავისუფლება მიეცათ, და ხალხი კი გოჩას თავმჯდომარეობით ვახშმად დალაგებულიყო.

რასაკვირველია, სიძეც, თავზედ ფოჩებიან გვირგვინით, იქვე შუა ადგილას დაესვათ, ტოლ-სწორები გარს შემოჰხვეოდნენ და ლაჟღანდარობით გართულს და ბედნიერებით გახარებულს, დროს ატარებინებდნენ.

დაიწყო საერთო მხიარულება, სმა, სიმღერა და „სმურები“; ხანგამოშვებით რომელიმე მოხუცი გადმოიღებდა ფანდურს და თითების ჩაკვრით სევდიანს სიმებს ააჟღერებდა და ზედვე სევდიანად, მაგრამ საგრძნობლად დასძახებდა რომელსამე გმირის ლექსად მოთხრობილს მოქმედებას.

ამ წუთებში გამხიარულებული, აყაყანებული ხალხის ხუმრობა ერთბაშად შესწყდებოდა, ჩამოვარდებოდა სრული სიჩუმე და გულის ძგერით ყურს მიაპყრობდნენ სახალხოდ წარმოთქმულს სიტყვას, სადაც ქვეყნისთვის თავდადება და სამსახური, სივაჟკაცე და პატიოსნება ისე უხვად ჯილდოვდებოდა და სადაც კაცის მოვალეობა ცხოვრებაში ისე ნათლად იხატებოდა და შეისწავლებოდა…

ამას ისევ შესცვლიდა „სმური“, მერე „გოგონა“ და ასე გრძელდებოდა გათენებამდის.

IX

ამ საერთო მხიარულების დროს, როდესაც გუგუას სახლში თავმოყრილთ გულები მხიარულად ყინულზედ გამოსულს უზრუნველს ბატკნებსავით თამაშობდნენ, ონისე პირქვე ეგდო და დამძიმებული, გახურებული თავი ბალიშიდგან ვერ აეღო. მას სისხლი მოსწოლოდა თვალებში და დროგამოშვებით ბრჭყვიალებით უელავდა, თავი ძალზედ გაჰბრუებოდა და საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებსა სცემდნენ; ყურებში ხუილის ხმა გაისმოდა და ტანი ცეცხლსავით გახურებული რაღაცა მოუსვენრობაში ამყოფებდა. ჩქარ-ჩქარა და ძალზედ ქშენა აშკარად ამტკიცებდა, რომ რაღაც აწუხებდა და იმის მოშორება თითქოს მკლავების უაზრო წყვეტებით უნდოდა.

ამ მდგომარეობაში მყოფი ონისე ხან მთლად გაცივდებოდა და ხან ცივ ოფლსავე დასხული წამოტრიალდებოდა, წამოჯდებოდა, უსაგნოდ გაუშტერებდა რასმე თვალებს, თავი და მკლავები ჩამოუცვივდებოდა და, ნახევრად ტუჩებგახსნილი, რაოდენსამე ხანს ასე დარჩებოდა. მერე ისევ მოუსვენრად მიეგდებოდა და თვალწინ დაუწყებდნენ თამაშს სხვადასხვა სურათები, ერთი მეორეზედ უფრო საოცნებო, უფრო გასაშტერებელი, მაგრამ იმათ არავითარი გადასაბამი, შემაერთებელი ნასკვი არ მოსდევდა.

მაგრამ ეს თავდავიწყება იყო წუთისა, რადგანაც ონისემ ერთბაშად დაიკივლა და გაფითრებული ფეხზედ წამოიჭრა. შესდგა, წუთზედ მოიფშვნიტა გახურებული თვალები, რომლებშიაც ეკლებსავით რაღაცა სჩხვლეტავდა და სიტყვებით: „არ იქნების, არ მოხერხდების!“ კარებისაკენ გაქანდა.

- სად მიხვალ? – იქავ შეაყენა ვიღაცას ხმამ და კარების ზღურბლზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც ანთებული კვარი ხელში ეჭირა.

- გოჩა! – მოულოდნელობის გამო უკან მოწყვეტით წამოიძახა ონისემ და შესდგა.

მოხუცმა შეჰხედა შვილსა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, შევიდა სახლში და ჩამოჯდა.

- დაიჭი, კედელში გაამაგრე, – გაუშვირა მამამ კვარი, რომელიც ონისემ გამოართვა და ბუხრიდგან გამოშვერილს ჭაჭზედ დადო.

- სად მიდიოდი? – ისევ იმ მბრძანებელის, თუმცა დამშვიდებულის კილოთი გაიმეორა ხევის ბერმა.

- არც-სადა, – ვეღარა მოახერხა-რა ონისემ.

- ეგ პასუხი არაა, – შეიჭმუხვნა წარბები მოხუცმა, რომელსაც უნდობლობა არ უყვარდა.

- ქორწილში ვაპირობდი წასვლას…

- რაიღა ქორწილისაა, ეხლა იქ გალექებული ხალხის მეტი ვინღაა?

- მთები ჩამოთოვლა და ნადირებს ქვევით ჩამოჰყრიდა; ვამბობდი, ქორწილში ვინმე მონადირე იქნებოდა, „ნამგალად“ გავიხდიდი და ნადირობ ერთად წავიდოდით.

ონისემ ეს სატყვები ხელად მოიგონა, რადგანაც მამა ჩასცქეროდა და მას კი გულის გადახსნა არ უნდოდა.

- ბალღო, რას ხუმრობ?

- რაისთვი ვხუმრობ? – მოუთმენლად შეჰხედა ონისემ, რომელსაც გადაჰკიდებოდნენ და აღარ ეხსნებოდნენ.

- ამ ფიფქს თოვლში სანადიროდ საით გაისვლების?.. ზოვმა სადმე ჩაგმარხოს, ის თუ არ გინდა?

ონისემ ერთბაშად ვერ მოიაზრა, რომ ფიფქს თოვლში ნადირობა მართლა საშიში იყო და ამისთანა მოუაზრებლობა, უმიზეზოდ ძალად გაჭირვების თავს მოხვევა გამოცდილს მოხევეს არ მოეწონებოდა.

- რაისთვი? – მოიწადინა შვილმა შეცდომის გასწორება: – ქარი იყო და ქედებზედ თოვლებს აღარ დააყენებდა.

მოხევემ კიდევ შეჰხედა და ცოტა სიჩუმის შემდეგ უთხრა:

- იყუჩე, ბალღო! შენ ცხო რაიმე გაქვს გულში.

- რაი უნდა მქონდეს? – აჩქარდა ონისე.

- არ ვიცი და ამას არცა გკითხავ, – მტკიცედ უთხრა მოხუცმა და დაუმატა: – შენ ისა სთქვი: იცი, ვისი გორისა ხარ?

ამ სიტყვებზედ რიგი ონისეს შეჰხვდა, – გაკვირვებით შეეხედა მოხუცისათვის.

- ჰაი, ჰაი, რო ვიცი.

- აბა, მაშ მაგას ნუ დაივიწყებ, – თითის ქნევით უთხრა მოხუცმა და სწავლების კილოთი გააგრძელა: – ვინძლო ქვეყანა არ გააცინო…

ყმაწვილმა ბიჭმა თავი დაჰხარა, თითქოს დანაშაული იგრძნოვო და ლოყები წითლად აენთო.

- აბა, მაშ წადი, – წამოდგომით გააგრძელა მოხუცმა: – წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემს სიტყვებს ნუ დაივიწყებ… გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი.

ამ სიტყვებზედ მოხუცმა კვარს ხელი დაავლო და შვილთან ერთად დერეფანში გავიდა. იქ კიდევ შესდგა, შეჰხედა შვილსა, თითქოს რაღაცა უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმაამოუღებლივ გაბრუნდა და სამყოფო სახლში შევიდა.

ონისე კი რამდენსამე ხანს იმავ ადგილს დერეფანში იდგა და ანგარიშმიუცემლად ადგილიდგან ვერ დაძრულიყო.

იმას ესმოდა, რომ შვილის მდგომარეობას მამა მიმხვდარიყო, მაგრამ სადამდე მიუღწევია ამ მდგომარეობას, მოხუცს ჯერ ვერ გამოერკვია, თუმცა ესმოდა, რომ ეს მდგომარეობა მის სახელსაც შეეხებოდა.

მამა ეუბნებოდა: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარო“, და სწორედ ამ სიტყვებით აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს სახლობასთან აკავშირებს და მისი საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო დანაშაულადა სთვლიდა, ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან აღმოიფხვრიდა და სწორედ ამ წადილმა წამოაძახა:

- წავალ, შევალ ქორწილში… ულვაში მაქვს, ქუდი მხურავს და გულიც უნდა დამმორჩილდეს.

ამ სიტყვებთან ერთად ის გაბრუნდა კიბისკენ, რამდენიმე გადახტომაზედ ჩავიდა ქვევით და მივიდა გუგუას სახლში, სადაც ჯერ კიდევ გაცხარებული ტაშ-ფანდურა და მხიარულება იყო, თუმცა გათენებას უკვე მოეღწია.

ყველანი სიხარულით მიეგებნენ ონისეს, რომელიც მისვლის შემდეგ ყველაზედ მეტს მხიარულებდა, ყველაზედ მეტს მღეროდა, ყველაზედ მეტს ოხუნჯობდა…

X

გათავდა ქორწილი მხიარულების პირველმა დღეებმა გაიარეს. პატარძალიც სწორებმა წაიყვანეს, ჩვეულებისამებრ, წყლის მოსატანად, იქ გაუჭრეს ხაბიზგინები და უმღერეს ამ შემთხვევისათვის შემოღებული ლექსი:

ჩემო ხელისმომკიდეო,

ტაგანაი მომკიდეო…

და ცხოვრებამ მიიღო ჩვეულებრივი სახე.

ძიძია გამოდგა ჩინებული, მორჩილი ქალი, რომელიც არასოდეს არა ზარობდა და საქმესა და სახლს მუყაითად ექცეოდა. მისგან არც ჩხუბი, არც წინააღმდეგი სიტყვა არ მოისმოდა და უფროსი რძლები, ყოველთვის უმცროსების დამჩოლფოტებელნი, ძიძიას ნამდვილს დასავით უვლიდნენ.

გუგუა, რომელიც შესტრფოდა თავის ცოლს, ისე შინ არ შემოვიდოდა, რომ ცოლისთვის ან ჩურჩხელის ნაჭერი, ან წითელი ვაშლი არ მოეტანა და გატაცებულის გრძნობით არ დაეკოცნა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ საზოგადოდ გაჩუმებული ძიძია, ყოველთვის მარტოობას ეძებდა. და იმისი ფერდაკარგული, გაცრეცილი ტუჩები თავის დღეში არ გაიღიმებდა.

ყველანი ცდილობდნენ მის გამხიარულებას, შედარებით ხევის სხვა რძლებთან თავისუფლებას აძლევდნენ, დაჰყვანდათ ხატობაში და სატირალზედ, იმ ერთს თავმოსაყრელს ადგილს, სადაც მთელის წლობით დაშორებული ნათესავები და მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან და დიდხანს შეგუბებულს შთაბეჭდილებას სხვასთან გასანაწილებლად გზას აძლევენ. მაგრამ ძიძია მაინც ისევ ისე გულჩათხრობილი რჩებოდა, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა: საჭმელიც, სასმელიც, ჩასაცმელიც; არ აკლდა არც მზრუნველები, არც მოსიყვარულე გული, მაგრამ მის არსებას რაღაცა სჩაგრავდა, რაღაცა აღონებდა და ჰლევდა.

პირველში ბევრსა ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოსდის საბრალო ქალსა, მაგრამ ჩქარა იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც მის გულის სიღრმეში ვერ ჩასწვდნენ და გადასწყვიტეს, რომ ასეთი ხასიათისა ყოფილაო.

ამ ხანში ონისე კი ფშავს წასულიყო, სადაც დედის ძმები ჰყვანდა და იქ ნადირობაში და მეცხვარეობაში აპირობდა დროს გატარებას და ნაღველის გაქარვებას, მაგრამ, როდესაც სადმე ქედზედ გასული თავის ბედს დააკვირდებოდა, მაშინვე ძიძიას სახე განმანათლებლად ჩაეშუქებოდა გულში და სანეტარო ტკბილს მკვნესავს ოხვრაში შეიყვანდა.

ცა, ღრუბელი, ვარსკვლავი, მთვარე, ბუნების მდიდარი სურათები ონისესთვის მდიდარნი და სიტკბოებით სავსენი მხოლოდ იმიტომ-ღა იყვნენ, რომ მათთან ერთად ეხატებოდა ძიძიას სურათი, მათ სატრფოსთან დადარებით თავდავიწყებამდის ეალერსებოდა.

 

ნანახია: 730 | დაამატა: tskhvedadze2014 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
მოგესალმები, სტუმარი!
სამშაბათი, 01.22.2019